18 ნოემბერი 2024,   19:31
ვრცლად
"სახიფათო პროცესებს ვხედავ, ეს არის კარგად დაგეგმილი პროვოკაციის ნაწილი" - ეკა ბესელია სინოდზე განვითარებულ მოვლენებზე

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას თქმით, დღეს სინოდის სხდომის შემდეგ განვითარებული მოვლენები და გაკეთებული განცხადებები ძალიან მძიმე და რთული იყო.

"პირველი ემოცია და შთაბეჭდილებები არის ძალიან მძიმე და რთული, მინდა ვისურვო პირველ რიგში სიმშვიდე. ჩვენ საზოგადოებას, რომლის უდიდესი ნაწილიც არის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი, რომელიც ღელავს და გულის ფანცქალით ელოდება ამ ამბების გაგრძელებას, სჭირდება სიმშვიდე.  პირველი ემოცია, რაშიც ეჭვი არ მეპარება, არის მისი უწმინდესობის, საქართველოს ეკლესიის წინამძღოლის სიბრძნე და ავტორიტეტი. მე გამაოგნა და აღმაშფოთა მეუფე პეტრეს სიტყვებმა და ქმედებებმა, არ მივიღებ არანაირ ბრალდებას და უმძიმეს განცხადებას, რაც მან გააკეთა. ჩვენ ის ადამიანები, რომლებიც პატივს ვცემთ კონსტიტუციურ შეთანხმებას, მიმაჩნია, რომ როდესაც ასე ახლოს არის მართლმადიდებელი ეკლესია შეზრდილი საზოგადოებასთან, გავლენას ახდენს საზოგადოებაზე ეს ყველაფერი.  პრობლემები ყველგან არის და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ, მაგრამ ის, რომ დღემდე მისი უწმინდესობა ახერხებს ამ სირთულეების დაძლევას, ამას უნდა დანახვა და პატივისცემა.

მე მგონია, რომ ასეთი იერიში მის წინააღმდეგ არის სრულიად დაუშვებელი და მიუღებელი. მის უწმინდესობას გულისტკივილითაც უთქვამს, როდესაც ეპისკოპოსი იყო და კრიტიკით გამოდიოდა მეუფე პეტრე, რომ მისთვის მოულოდნელია ესეთი ქცევა, ზოგიერთი სასულიერო პირის, რომელიც მის წიაღში გაიზარდა. მე პირველ რიგში მინდა ვისურვო, რომ სასულიერო პირმა, რომელსაც ჰყავს ასეულობით სულიერი შვილი, მათ თავად უნდა მისცენ ამ ადამიანებს მოწიწების და პატივისცემის მაგალითი, ის განცხადება კი არაფერში არ ჯდებოდა,"- განაცხადა ეკა ბესელიამ.

"კურიერის" წამყვანის კითხვაზე, მეუფე პეტრე ერთეული შემთხვევაა თუ სასულიერო პირებში არიან სხვებიც ვინც პატრიარქის გადაწყვეტილებების წინააღმდეგია, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ეკლესიაში ნამდვილად არსებობენ ასეთი ჯგუფები.

"ამას საჯაროდაც ვხედავთ, მათ შორის იმ ეპარქიიდან, რომელიც გამოდის ხშირად მისი ეპისკოპოსის დასაცავად. აქ კრიტიკა არ არის დაუშვებელი, ფორმას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და სად და რა ვითარებაში საუბრობ. ის რაც ჩვენ მოვისმინეთ უწმინდესობის მიმართ, ამას ვერასდროს მივიღებ. გავუფრთხილდეთ პატრიარქს, რომლის მხრებზე, ნერვებზე, სიმშვიდეზე გაიარა ამდენი წლის ზრუნვამ. უდიდესი ავტორიტეტი აქვს როგორც ქვეყნის შიგნით ისე ქვეყნის გარეთ,"- აღნიშნა ბესელიამ.

ეკა ბესელიას თქმით განვითარებული მოვლენები სავარაუდოდ დაგეგმილი პროვოკაციის ნაწილია.

"მე ძალიან სახიფათო პროცესებს ვხედავ. ეს არ არის მარტივი ამბავი, მე მგონია, რომ ეს არის კარგად დაგეგმილი პროვოკაციის ნაწილი და მგონია, რომ ეკლესიის წინააღმდეგ მტრულად განწყობილი ძალები ეცდებიან ამ ამბების გამოყენებას," - განაცხადა ბესელიამ.

დღის ამბები