ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა დღეს პროტესტის ნიშნად დატოვა. მიზეზი სხდომის დაწყების დაგვიანება იყო. საბჭოს არამოსამართლე წევრი შეხვედრას ორ საათზე მეტ ხანს ელოდა. საბოლოოდ დღევანდელმა სხდომამ მის გარეშე ჩაიარა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ის სამი კანდიდატი გამოავლინა, რომლებიც გასაუბრების ეტაპს გაივლიან.
"ეს არის სრულიად მიუღებელი დამოკიდებულება კონსტიტუციის კანონმდებლობის და ამ ინსტიტუტის მიმართ," - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა აღნიშნა, რომ ისედაც კანონდარღვევით მოწვეული იუსტიციის საბჭო არ იმართება და აღნიშნულზე არანაირი ახსნა-განმარტება არ გაკეთებულა. ანა დოლიძე აცხადებს, რომ უკვე რამდენიმე საათია გიორგი მიქაუტაძესგან რაიმე ინფორმაციას ელოდება.
"ირაკლი შენგელიას ცოლის ძმა არის ლევან თევზაძე, მან არ დააყენა აცილების საკითხი და იუსტიციის საბჭოს დღევანდელ სხდომას საერთოდ არ დაესწრო," - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილების მოსამართლე ირაკლი შენგელიამ დაიტოვა იმის შანსი, რომ ლევან თევზაძის გასაუბრებას არა, მაგრამ სხვა კანდიდატებთან გასაუბრებაში მონაწილეობა მიეღო.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი კი განმარტავს, რომ შემდეგ ეტაპზე გადავიდა 3 კანდიდატი, რომელიც ინფორმაციის შეგროვების შემდეგ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრებას გაივლის. გიორგი მიქაუტაძე ამბობს, რომ მხოლოდ ამ პროცედურების შემდეგ საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას თუ რომელ კანდიდატს წარუდგენს საქართველოს პარლამენტს.