საბჭოს არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს ბუნებაში, რომ მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს საბჭოს წევრის გასაწვევად - ამის შესახებ ანა დოლიძემ დღეს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კოლეგების ინიციატივას უპასუხა.
დოლიძის წინააღმდეგ საკუთარმა კოლეგებმა ქვეყნის პირველ პირს ოფიციალურად მიმართეს და არამოსამართლე წევრ ანა დოლიძის საბჭოდან გარიცხვა მოითხოვეს.
ანა დოლიძის თქმით, პრეზიდენტს კონსტიტუციით მისი გაწვევის უფლება არ აქვს. დოლიძის განმარტებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოთხოვნა მისი უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებით, უკანონო და საფუძველს მოკლებულია.
"ადგილი აქვს უკანონობას. იქიდან გამომდინარე, რომ საბჭოს არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს ბუნებაში, მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს, რომ გაიწვიოს საბჭოს წევრი. ასეთი მუხლი საქართველოს კანონმდებლობაში არ არსებობს. იგივე წარმატებით შეუძლია ზესტაფონის მერს მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს, რომ გამიწვიოს მე აქედან. ეს არის სრული უკანონობა და სრული აცილება სამართლებრივი სახელმწიფოს საფუძვლებთან," - განაცხადა ანა დოლიძემ.