ჭავჭავაძის გამზირსა და ვარაზისხევის დამაკავშირებელი გზაჯვარედინი ისევ პარალიზებულია. გაშლილია კარვები - ადგილზე რჩებიან ოპოზიციური პარტიების ლიდერები. ხელახალი არჩევნების მოთხოვნით პროტესტის ახალ ფორმას გუშინ საღამოს მიმართეს - დაანონსდა, რომ გზაჯვარედინის ბლოკირება 24 საათი გაგრძელდებოდა - ეს დრო საღამოს 8 საათზე იწურება.
პროტესტს ჭავჭავაძის გამზირზე აფასებენ მმართველ გუნდში - მმართველ გუნდში ამბობენ, რომ პროტესტის მონაწილეების ქმედებები, ალკოჰოლური სასმლის მიღება და უნივერსიტეტის საკუთრებაში მქონე სკამების შეშად გამოყენება იმის მანიშნებელია, რომ საქმე პროვოკატორებთან გვაქვს.
"იბილწება ექვთიმე თაყაიშვილის ძეგლი, უნივერსიტეტის ბაღი, ილეწება უნივერსიტეტის ბაღში სკამები, რომლებსაც იყენებენ მერე ცეცხლის დასანთებად. ხდება ჭავჭავაძის გამზირის, ამ ევროპული გამზირის ლიბერალური ფაშიზმიზაცია. ჯერჯერობით ეს ძალა აქვს... და ეს თვითონ მოსახლეობამ უნდა შეაფასოს პირველ რიგში, და უნდა შეაფასოს მათმა ამომრჩეველმა, რომელსაც ევროპისკენ მიმავალ გზაზე მიაჩნიათ, რომ ეს ქმედება, ნასვამი... ღამე... ჩვენც ვატარებდით 88 წლის ნოემბრიდან აქციებს, მათ შორის პარლამენტის წინ ღამისთევით, ერთი ადამიანი არ ყოფილა ნასვამი. აქედან გამომდინარე, ყველაფერი ნათელია, აქ რასთან გვაქვს საქმე. აქ არ არის საქმე პატრიოტიზმთან, აქ არის საქმე პროვოკატორებთან,“ – აცხადებს "ქართული ოცნების" საპარლამენტო სიაში თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის დელეგატი ირაკლი ქადაგიშვილი.