საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოში იმყოფება.
ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრისას ყურადღება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერაზე გაამახვილა.
მხარეებმა უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე, ასევე - საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე ისაუბრეს.
"თქვენს ვიზიტს შეიძლება, ისტორიული ეწოდოს. მოვლენების შეფასებისას ამ სიტყვის გამოყენებას ყოველთვის სიფრთხილით ვეკიდებით, თუმცა თქვენი ვიზიტი ნამდვილად ისტორიულია, რადგან საქართველოს პრემიერ-მინისტრს ორმხრივი ვიზიტის ფორმატში პირველად ვმასპინძლობთ ნიდერლანდებში. თან, პრემიერ-მინისტრის რანგში ეს თქვენთვისაც პირველი ვიზიტია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში. თქვენი ვიზიტი იმის დასტურია, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა ასეთი აყვავებული არასოდეს ყოფილა. ეს განსაკუთრებით ეხება ჩვენს სავაჭრო ურთიერთობებს. ნიდერლანდები საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, ხოლო ინვესტიციების მხრივ მეორე ადგილზე ვართ. იმედი მაქვს, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო განვითარდება მომავალში, არა მხოლოდ მთავრობების და ბიზნესწრეების დონეზე, არამედ ჩვენი მოქალაქეების დონეზე," განაცხადა ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ.
"ეს არის ნიდერლანდებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი მაღალი დონის ვიზიტი და მთავრობის მეთაურის რანგში ჩემთვის პირველი ვიზიტი ევროკავშირის წევრ ქვეყანაში.
ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა შედგა მასპინძელ პრემიერ-მინისტრთან და რა თქმა უნდა, განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ყველა მიმართულება.
შეხვედრისას განვიხილეთ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. ასევე, ვისაუბრეთ ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით ჩემი ქვეყნის წინსვლაზე.
ამ მხრივ ნიდერლანდებს მნიშვნელოვან პარტნიორად მივიჩნევთ.
მადლობელი ვართ ასევე "ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის" განხორციელების პროცესში ნიდერლანდების ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის," - აღნიშნა შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.