ბათუმში საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია იხსნება. ღონისძიებას საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები დაესწრებიან. კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოში საგანგებოდ ჩამოვიდნენ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე, ალიანსის სხვა მაღალჩინოსნები და ამერიკელი კონგრესმენები - მათ შორისა ადამ კიზინგერიც.
მონაწილეთა შორის იქნებიან სფეროს ექსპერტები. ორი დღის განმავლობაში შეხვედრის მონაწილეები შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე, საქართველოს დასავლეთისკენ სწრაფვასა და ჰიბრიდული საფრთხეებზე ისაუბრებენ. ეს თავდაცვის და უსაფრთხოების რიგით მე-13 კონფერენციაა და მას ქვეყნის პრეზიდენტი გახსნის.
"კონგრესმენი კიზინგერი არის საქართველოს ძალიან დიდი მხარდამჭერი. როგორც იცით, ის არის ერთ-ერთი თანაავტორი იმ მხარდამჭერი აქტის, რომელიც ახლახანს კონგრესმა მიიღო. მათი ვიზიტი საქართველოში არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც იცით, ის მონაწილეობას მიიღებს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაში, რომელიც ახლა იმართება და ასევე მოინახულებენ საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას," - აცხადებს სოფო ქაცარავა.