"ქართული ოცნების" წარმომადგენლები, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას იზიარებენ. უმრავლესობის წევრები ეთანხმებიან არჩილ თალაკვაძის მოსაზრებას, რომლის თანახმადაც, საპატრიარქოში განვითარებულის მოვლენების მიღმა, ოპოზიციური ძალები დგას.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" თავისი განშტოებებით, "ორკესტრირებულ შტურმს" აწარმოებდნენ.
"დიდიან-პატარიანად, ერთი კონკრეტული პარტიის, ეს არის ნაციონალური მოძრაობა თავისი განშტოებებით, ამ აქტივის წარმომადგენლები აწარმოებდნენ სწორედ ორკესტრირებულ შტურმს. ეს შტურმი, ბუნებრივია, ინიცირებულია მათი ლიდერების მიერ. ამას ჰქონდა საბაბი, ცნობილი სხდომის შემდეგ, რაც არის მათი ხელწერა. როგორც მოგეხსენებათ, 2004 წლიდან მოყოლებული, მაშინ ხელისუფლების პოზიციებიდან, ისინი აწარმოებდნენ შეტევას სხვადასხვა ფორმით, ეკლესიაზე და ეს შეტევა გრძელდება," - აცხადებს ირაკლი კობახიძე.
მამუკა მდინარაძე დარწმუნებულია, რომ ეკლესიის მიღმა განვითარებულ პროცესებში ოპოზიციის კვალი ჩანს. პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ამბობს, რომ ეს მარტივი შესამჩნევია და კითხვის დასმაც კი ზედმეტია.
"ზედმეტიც კია კითხვა ამასთან დაკავშირებით, ვინ დგას ამის უკან. უკანაც და წინაც დგანან ის ადამიანები, რომლებიც, რომ შევიხედოთ სოციალურ ქსელში, პირდაპირ მხარდაჭერას გამოხატავენ. ეს არის, ბუნებრივია, ნაციონალური მოძრაობა, რომელიც ღია მხარდაჭერას, ზოგჯერ ირიბს გამოხატავს, თითქოს რაღაცას ადასტურებს, თითქოს რაღაცას გმობს და ესე შეფარული, ირიბი თუ პირდაპირი გზებით აცხადებს მხარდაჭერას სოციალურ ქსელებში მათი მარტივი ტელევიზიების საშუალებითაც,"- აცხადებს მამუკა მდინარაძე.