ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე პოზიტიური მოლოდინი აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს.
არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ პარლამენტმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეწყალების ახალ წესთან დაკავშირებით, კონკრეტული რეკომენდაციებით რამდენიმე დღის წინ უკვე მიმართა და ახლა შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის პირველმა პირმა უნდა მიიღოს.
"ჩვენ უკვე წარუდგინეთ რეკომენდაციები და ჩვენი რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა იყოს მომავალში ორგანიზებული და რეგულირებული შეწყალებასთან დაკავშირბული გადაწყვეტილებები. ძალიან პოზიტიური შეხვედრა შედგა და პრეზიდენტმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ გამოსცემს ახალ ბრძანებულებას, სადაც ყველაფერი დარეგულირდება. რაც შეეხება მამალაძის შეწყალებას, მე დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი სინოდის შუამდგომლობას უპასუხოდ არ დატოვებს," - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.