18 ნოემბერი 2024,   18:58
ვრცლად
ეს ჯგუფები არიან ჩვეულებრივი პროპუტინური ფაშისტები და საქართველოს თავისუფლების მტრები - ოპოზიცია ფილმის ჩაშლის მუქარას ეხმაურება

შვედურ-ქართული ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერის ჩაშლის მუქარა პოლიტიკოსების განხილვის თემა გახდა.

ოპოზიციის შეფასებით, ვასაძეს  და მსგავს პროპუტინისტურ ჯგუფებს ხელისუფლება საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებს.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, ასეთი დაჯგუფებებისგან, რომელთა შორის სასულიერო პირებიც არიან, მსგავსი კამპანიის აგორება პირველად არ ხდება.

"ყველა ის ჯგუფი და მათ შორის, არიან სასულიერო პირები და არაერთი, რომლებიც ახლა ამ კამპანიას აგორებენ და ეს პირველად არ ხდება. არიან ჩვეულებრივი პროპუტინური ფაშისტები და საქართველოს თავისუფლების მტრები. ივანიშვილი მათ იყენებს საკუთარი ოპონენტების წინააღმდეგ და საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის გასატარებლად, ჩვენი ქვეყნის ინტერესების და თავისუფლების საწინააღმდეგოდ. მაგრამ ძალიან ტყუილად არიან ახლა ასე გათავხედებულები, ძალიან მალე ივანიშვილს პოლიტიკურ განაჩენს მშვიდობიანად გამოუტანს ქართული საზოგადოება და მერე ყველა მოძალადეს, ვინც კიდევ გაბედავს ძალადობას, თავის ადგილს მიუჩენს კანონის უზენაესობის ფარგლებში," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის თინა ბოკუჩავას თქმით, ნიშანდობლივია ის, რომ ხელისუფლებას მოძალადე პრორუსული ჯგუფები სრულ დაუსჯელობის პირობებში ჰყავს,მაშინ როდესაც ხელაღებით ებრძვის პროდასავლურ ჯგუფებს:

"ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ლევან ვასაძე იმუქრება, მათ შორის სამართალდამცავების მიმართ. ხელისუფლება მისი და სხვა პრორუსული ჯგუფების მიმართ სრულ დაუსჯელობას მიმართავს, მაშინ როდესაც ხელაღებით ებრძვის პროდასავლურ ჯგუფებს: ოპოზიციას, მედიას, არასამთავრობოებს," -განაცხადა ბოკუჩავამ

თავის მხრივ ხელისუფლება იმ ადამიანებს, რომლებიც ძალადობით იმუქრებიან, მოუწოდებს დაემორჩილონ საზოგადოებრივ წესრიგს.  უმრავლესობის წევრის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, კანონდარღვევა რეაგირების გარეშე არ დარჩება:

"თუკი ვინმე გაბედავს და გავა კანონის ფარგლებს მიღმა, რა თქმა უნდა ყველა შესაბამისი უწყება მოახდენს ამაზე სამართლებრივ რეაგირებას. მუქარის ენით საუბარს არავინ დატოვებს რეაგირების მიღმა, თუკი იქნება გამოხატული კანონდარღვევაში,"- განაცხადა ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ოსკარზე წარდგენილი ქართულ-შვედური ფილმის - "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერა საქართველოს კინოთეატრებში დღეს უნდა გაიმართოს. ფილმის შინაარსი, რომლის ჩვენებაც ჯერ არ შემდგარა გარკვეულმა ჯგუფებმა უკვე გააპროტესტეს.

ბიზნესმენი ლევან ვასაძე,  ფილმის - "და ჩვენ ვიცეკვეთ" კინოთეატრებში ჩვენებას ეწინააღმდეგება და მხარდამჭერებთან ერთად პრემიერის ჩაშლას გეგმავს.

ფილმის ჩვენებას ეწინააღმდეგება "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირიც". გურამ ფალავანდიშვილის განცხადებით, ფილმის ჩვენება, ნებისმიერი ძალისხმევის ხარჯზე ჩაიშლება. მასშტაბური პროტესტისთვის ემზადება "ქართული მარშიც".

საპატრიარქო ფილმის საქართველოს კინოთეატრებში ჩვენებას მიუღებლად მიიჩნევს, თუმცა ამავდროულად ემიჯნება ძალადობას.

 შესაძლო ძალადობის ფაქტს, სახალხო დამცველი და არასამთავრობო სექტორი გამოეხმაურა და სამართალდამცავ ორგანოებს დროული რეაგირებისაკენ მოუწოდა.

განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც და საზოგადოებას კანონის დაცვა შეახსენა. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია საკუთარი მანდატის ფარგლებში იმოქმედებს. სამინისტრომ განცხადებაში ასევე აღნიშნა, რომ სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.

ფილმის პრემიერა თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში დღეს, 20:00 საათზე დაიწყება.

დღის ამბები