ამერიკელი კონგრესმენები პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ. შეხვედრა საქართველოს მხარდამჭერი ჯგუფის თანათავმჯდომარეს და დასავლეთ ვირჯინიის კონგრესმენთან სახელმწიფო კანცელარიაში შედგა.
კონგრესმენებმა საქართველოს მიერ, ბოლო პერიოდში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესზე გაამახვილეს ყურადღება. თავის მხრივ, მთავრობის მეთაურმა საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღების პროცესში ლიდერობისთვის პარტნიორებს მადლობა გადაუხადა.
საუბრისას ასევე განხილული იყო საქართველოში ეკონომიკური და ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი ნაბიჯები.
"ნიშანდობლივია და მისასალმებელია, რომ საქართველო სარგებლობს ორპარტიული მხარდაჭერით ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში და რა თქმა უნდა, ისინი დაინტერესდნენ იმ ვითარებით, რაც არის ჩვენს ქვეყანაში. მათ შორის ოკუპაციით, ინფრასტრუქტურის განვითარებით, დემოკრატიზაციის უზრუნველყოფით და იმ პროგრესით, რომელიც საქართველოს აქვს ამ გზაზე," - აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში, ირაკლი ჩიქოვანი.