საქართველოს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ბოლო კანდიდატს უსმენენ. დეპუტატებს კანდიდატ გოჩა ჯეირანაშვილთან შეკითხვები ძირითადად მის წარსულ საქმიანობასთან დაკავშირებით აქვთ, როდესაც ის პროკურატურაში მუშაობდა.
უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა კანდიდატს შეკითხვა დაუსვა იმასთან დაკავშირებით, რომ ჰქონდა თუ არა მომენტები, როდესაც აშკარა იყო ადამიანი უფლებების დარღვევა და მას შეეძლო კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება და ეს გადაწყვეტილება მან არ, ან ვერ მიიღო. ჯეირანაშვილის პასუხი ამ შეკითხვაზე იყო, რომ მას არცერთი მოქალაქის უფლებები არ დაურღვევია.
ნუკრი ქანთარიას დაინტერესდა, ვინ იყო ჯეირანაშვილის რეკომენდატორი ძალოვან უწყებებში და ხომ არ იყო ეს ვანო მერაბიშვილი.
"მერაბიშვილს არ ვიცნობ ბატონო ნუკრი, ცხოვრებაშიც არ მყავს ნანახი,"- განაცხადა ჯეირანაშვილმა.
სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ დეპუტატებს განუცხადა, რომ რომან გოცირიძე მათ ხინკალზე ეპატიჟებოდა და ჰკითხა ფრაქციის დროით ისარგებლებდნენ თუ შესვენებით:
"ეს მინდა გკითხოთ, ბატონი რომან გოცირიძე ხინკალზე გვეპატიჟება იმიტომ, რომ წააგო თადუმაძესთან მე მგონი და გნებავთ ახლა ისარგებლოთ ფრაქციის დროით, თუ შესვენება გამოვაცხადოთ?" - მიმართა ოხანაშვილმა დეპუტატებს.
რასაც თინა ბოკუჩავას პასუხი მოჰყვა, რომ იუმორი ანრი ოხანაშვილის ძლიერი მხარე არაა:
"ბატონო ანრი იუმორი, რომ თქვენი ძლიერი მხარე არ არის, რატომ ცდილობთ გამომიყვანოთ ბატონი რომანის დამცველის როლში? სინამდვილეში იცით, რომ მოიგო და ყველას გეპატიჟებათ,"- აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.