"ძალადობის უფლება, ნორმალურ ქვეყანაში არც ერთ ჯგუფს არ აქვს" - ასე ეხმაურება ფილმის "და ჩვენ ვცეკვავთ" წინააღმდეგ გამოთქმულ პროტესტსა და პრემიერის ჩაშლის მუქარას პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრი, ელენე ხოშტარია. მისი თქმით, ძალადობისა და მუქარის უფლება არავის აქვს.
"ძალადობის უფლება, ნორმალურ ქვეყანაში არც ერთ ჯგუფს არ აქვს. მათ შეუძლიათ მოვიდნენ, გააპროტესტონ მაგრამ ის მუქარები, ძალადობრივი განცხადებები, რაც გაკეთდა, ამის უფლება მათ აკრძალული აქვთ კონსტიტუციით," - აცხადებს ელენე ხოშტარია.
ძალადობისა და ჰომოფობიური განცხადებებით, საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაზე საუბრობს პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, რომან გოცირიძე. მისი განცხადებით, კონსტიტუციის დაცვის გარანტი ხელისუფლებაა.
"ეს არის ხელისუფლების ბრალი, როდესაც აგრესიული, ჰომოფობიური, რუსეთიდან მართული შავრაზმული ჯგუფები ატერორებენ ადამიანებს, არღვევენ პირველ რიგში, საქართველოს კონსტიტუციას. კონსტიტუციის დაცვის გარანტი არის ხელისუფლება, ხოლო ეს ადამიანები არიან ხელისუფლების ნაწილი, მათი მეორე ფრთა და ყოველთვის, მსგავს შემთხვევაში, ხელისუფლება იჭერდა მათ მხარეს“ - ამბობს რომან გოცირიძე.
გამოხატვა, "ქართული ოცნების" წევრი, ნუკრი ქანთარია ამბობს, რომ ფილმის - "და ჩვენ ვიცეკვეთ" წინააღმდეგ მწვავე პროტესტის გამოხატვა, მსგავსი თემატიკის ნაწარმოებების მიმართ ინტერესისა და ყურადღების გაღვივებას იწვევს.
შეგახსენებთ, რომ ოსკარზე წარდგენილი ქართულ-შვედური ფილმის - "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერა საქართველოს კინოთეატრებში დღეს უნდა გაიმართოს. ფილმის შინაარსი, რომლის ჩვენებაც ჯერ არ შემდგარა გარკვეულმა ჯგუფებმა უკვე გააპროტესტეს.
ბიზნესმენი ლევან ვასაძე, რომელიც ჰომოფობიური განცხადებებით გამოირჩევა, ფილმის - "და ჩვენ ვიცეკვეთ" კინოთეატრებში ჩვენებას ეწინააღმდეგება და მხარდამჭერებთან ერთად პრემიერის ჩაშლას გეგმავს. ფილმის ჩვენებას ეწინააღმდეგება "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირიც". გურამ ფალავანდიშვილის განცხადებით, ფილმის ჩვენება, ნებისმიერი ძალისხმევის ხარჯზე ჩაიშლება. მასშტაბური პროტესტისთვის ემზადება "ქართული მარშიც".
საპატრიარქო ფილმის საქართველოს კინოთეატრებში ჩვენებას მიუღებლად მიიჩნევს, თუმცა ამავდროულად ემიჯნება ძალადობას.
შექმნილი ვითარების ფონზე, შესაძლო ძალადობის ფაქტს სახალხო დამცველი და არასამთავრობო სექტორი გამოეხმაურა და სამართალდამცავ ორგანოებს დროული რეაგირებისაკენ მოუწოდა.
განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც და საზოგადოებას კანონის დაცვა შეახსენა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პოლიცია საკუთარი მანდატის ფარგლებში იმოქმედებს. სამინისტრომ განცხადებაში ასევე აღნიშნა, რომ სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.
ფილმის პრემიერა თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში დღეს, 20:00 საათზე დაიწყება.