გუშინ კოსტავას გამზირზე ფილმის პრემიერის პარალელურად განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებს "ევროპული საქართველო", "ქართული ოცნების" სისუსტედ მიიჩნევს. დეპუტატ სერგო რატიანის განცხადებით, ხელისუფლებამ გუშინ, კიდევ ერთხელ ვერ მოახერხა, მარტივი ტესტის ჩაბარება, რომელიც მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვას გულისხმობს.
"გუშინ "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ მოახერხა და კიდევ ერთხელ ვერ ჩააბარა სამოქალაქო უსაფრთხოების დაცვის ელემენტარული გაკვეთილი, კიდევ ერთხელ გაბედეს პუტინისტებმა თავს დასხმოდნენ მშვიდობიან მოქალქეებს, რომლებიც მიდიოდნენ კინოს საყურებლად და იძალადეს მათზე, არის შემთხვევა როცა მოქალაქეს გაუტეხეს თავი,"- ამბობს რატიანი.
შეგახსენებთ, რომ ოსკარზე წარდგენილი ქართულ-შვედური ფილმის - "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება საქართველოს კინოთეატრებში გუშინ გაიმართა.
ბიზნესმენი ლევან ვასაძე, ფილმის - "და ჩვენ ვიცეკვეთ" კინოთეატრებში ჩვენებას ეწინააღმდეგებოდა და მხარდამჭერებთან ერთად პრემიერის ჩაშლას გეგმავდა
ფილმის ჩვენებას ეწინააღმდეგებოდა "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირიც". გურამ ფალავანდიშვილის განცხადებით, ფილმის ჩვენება, ნებისმიერი ძალისხმევის ხარჯზე ჩაიშლებოდა. საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა "ქართული მარშიც"
ძალადობრივი საპროტესტო აქციის მიუხედავად ფილმის ჩვენება კინოთეატრებში მაინც შედგა. კინოთეატრებთან ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას და პოლიციასთან შეხლა-შემოხლას. დაკავებულია 28 ადამიანი, მათ შორის 1 სისხლის სამართლის მუხლით.
დაზიანებები მიიღო 13-მა ადამიანმა, მათ შორის არიან პოლიციელებიც.