არასამთავრობო სექტორის შეფასებით, გუშინ თბილისის ცენტრში განვითარებული მოვლენები ხელისუფლებამ დაუშვა, რადგან თავის დროზე მუქარის შემცველ განცხადებებზე რეაგირება არ ჰქონიათ. ისინი აუცილებლად მიიჩნევენ იმას, რომ გუშინდელ აქციაზე ძალადობაში შემჩნეული პირები შესაბამისად დაისაჯონ.
ლგბტ ადამიანების და მხარდამჭერების სამოქალაქო გაერთიანება "თბილისის პრაიდის" წევრ გიორგი თაბაგარი იმედოვნებს, რომ ხელისუფლება გუშინდელი დღიდან გაკვეთილს გამოიტანს:
"გუშინდელი პროტესტი იყო მნიშვნელოვანი გამოვლინება რამდენიმე ფაქტორის. ერთი ის რომ ამ რადიკალურ ჯგუფებს აღარ აქვთ პოტენციალი, რომ პედალირება მოახდინონ მსგავს თემებზე და არ აქვთ საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა და ნდობა. ეს გამოჩნდა მათ რაოდენობაში, როგორც იყვნენ გუშინ. ამასთან ერთად, გუშინ დავინახეთ ცალსახად, რომ სახელმწიფომ კიდევ ერთხელ ვერ მოახერხა აქციაზე სიტუაციის სრულად უზრუნველყოფა, დაშავდნენ ადამიანები, თბილისი პრაიდის აქტივისტი ანა სუბელიანი. იმედი მაქვს რომ აღარ გაგრძელდება მომდევნო დღეების განმავლობაში და ჩვენ ხელისუფლებაში აქედან გაკვეთილს გამოიტანენ," - განაცხადა გიორგი თაბაგარმა.
არასამთავრობო ორგანიზაციის "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარე ანა აბაშიძე მიიჩნევს, რომ გუშინ საპროტესტო აქციის მონაწილეების ქმედებები არა გამოხატვის თავისუფლება, არამედ მშვიდობიან მოქალაქეებზე ძალადობრივი ჯგუფების ორგანიზებული თავდასხმა იყო:
"სახელმწიფომ კიდევ ერთხელ ამხილა საკუთარი თავი, რომ რეალურად მან არ გაითვალისწინა წინა პერიოდი, რეალური წაქეზება ძალადობისკენ, რომელიც პირდაპირ რეალურ საფრთხეს ქმნიდა. არ იმოქმედა სათანადოდ და დაუშვა ადამიანების ფიზიკური დაზიანება. წარმოუდგენელია, რომ დამნაშავე ჯვარკომბალა ჯგუფების პოზიციონირება იყოს წამყვანი ნორმალური ქვეყნისთვის. ეს არ იყო გამოხატვის თავისუფლება, ეს იყო ძალადობრივი ჯგუფების ორგანიზებული თავდასხმა მშვიდობიან მოქალაქეებზე. ამას თუ ძალიან კარგად გაიაზრებენ პოლიტიკოსები, რომლებიც ენის მოჩლექით მოიხსენიეს წინა დღეებში და დღეს არცერთ მათგანს არ ქონია პოზიცია, ძალიან კარგი იქნება, რადგან მინიმუმ მორალური პასუხისმგებლობა მათკენაც იხრება," - განაცხადა ანა აბაშიძემ.
შეგახსენებთ, რომ ოსკარზე წარდგენილი ქართულ-შვედური ფილმის - "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება საქართველოს კინოთეატრებში გუშინ გაიმართა.
ბიზნესმენი ლევან ვასაძე, ფილმის - "და ჩვენ ვიცეკვეთ" კინოთეატრებში ჩვენებას ეწინააღმდეგებოდა და მხარდამჭერებთან ერთად პრემიერის ჩაშლას გეგმავდა
ფილმის ჩვენებას ეწინააღმდეგებოდა "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირიც". გურამ ფალავანდიშვილის განცხადებით, ფილმის ჩვენება, ნებისმიერი ძალისხმევის ხარჯზე ჩაიშლებოდა. საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა "ქართული მარშიც"
ძალადობრივი საპროტესტო აქციის მიუხედავად ფილმის ჩვენება კინოთეატრებში მაინც შედგა. კინოთეატრებთან ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას და პოლიციასთან შეხლა-შემოხლას. დაკავებულია 28 ადამიანი, მათ შორის 1 სისხლის სამართლის მუხლით.
დაზიანებები მიიღო 13-მა ადამიანმა, მათ შორის არიან პოლიციელებიც.