"სახელმწიფომ საზოგადოებრივი წესრიგი დაიცვა და შეძლო პრევენცია იმ შესაძლო სიტუაციების, რომელიც შესაძლოა დაპირისპირებაში გადაზრდილიყო" - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გუშინ კოსტავას გამზირზე განვითარებულ მოვლენებს. არჩილ თალაკვაძის შეფასებით, პოლიციამ ინციდენტებზე მყისიერი რეაგირება მოახდინა.
"ერთეულ შემთხვევებს, სადაც ადგილი ჰქონდა ინციდენტებს პოლიციამ მოახდინა მყისიერი რეაგირება და მოხდა ამ სიტუაციების განეიტრალება. თუ რა პასუხისმგებლობა უნდა გამოიკვეთოს, ეს არ არის პოლიტიკოსების გადასაწყვეტი, ამას ქვეყენაში არეგულირებს კანონი და ის ინსტიტუტები, ვინც ამ კანონის განხორციელებაში არიან პასუხისმგებელნი,"-განაცხადა არჩილ თალაკვაძე.
შეგახსენებთ, რომ ოსკარზე წარდგენილი ქართულ-შვედური ფილმის - "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება საქართველოს კინოთეატრებში გუშინ გაიმართა.
ბიზნესმენი ლევან ვასაძე, ფილმის - "და ჩვენ ვიცეკვეთ" კინოთეატრებში ჩვენებას ეწინააღმდეგებოდა და მხარდამჭერებთან ერთად პრემიერის ჩაშლას გეგმავდა
ფილმის ჩვენებას ეწინააღმდეგებოდა "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირიც". გურამ ფალავანდიშვილის განცხადებით, ფილმის ჩვენება, ნებისმიერი ძალისხმევის ხარჯზე ჩაიშლებოდა. საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა "ქართული მარშიც"
ძალადობრივი საპროტესტო აქციის მიუხედავად ფილმის ჩვენება კინოთეატრებში მაინც შედგა. კინოთეატრებთან ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას და პოლიციასთან შეხლა-შემოხლას. დაკავებულია 28 ადამიანი, მათ შორის 1 სისხლის სამართლის მუხლით.
დაზიანებები მიიღო 13-მა ადამიანმა, მათ შორის არიან პოლიციელებიც.