ოპოზიციის მოთხოვნას, რომელიც მეუფე იაკობის ხმაურიანი განცხადებების საფუძველზე საგამოძიებო კომისიის შექმნას უკავშირდება, გია ვოლსკი მხარს არ დაუჭერს. უმრავლესობის დეპუტატი აცხადებს, რომ ნებისმიერ ინიციატივას "ნაციონალური მოძრაობა" საკუთარ პოლიტიკურ მიზნებს უკავშირებს.
"ვერ დავუჭერ მხარს, იმიტომ რომ ნებისმიერ ინიციატივას ნაციონალური მოძრაობა უკავშირებს თავის პოლიტიკურ მიზანს. რასაკვირველია, აქ საეკლესიო პირების დაბარება, პატრიარქის მოწვევა არის ის მთავარი მიზანი, რისთვისაც ეს კომისია სჭირდებათ. სკანდალურობა, სკანდალურობა და დესტაბილიზაცია - ეს არის მთავარი ლოზუნგი, რომელსაც ემსახურება ჩვენი ე.წ. ოპონენტების ჯგუფი," - აცხადებს გია ვოლსკი.
მეუფე იაკობის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო, "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს კომისიის შექმნის საკითხს დააყენებს.
საქმე ეხება მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებას, სადაც საუბარი იყო მძიმე ბრალდებებზე როგორც მოქმედი, ასევე ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ.