"არ გაბედო!" -ამ სლოგანით რუსთაველზე აქცია დაიწყო. პარლამენტის შენობასთან, მომზადდა სცენა და დამონტაჟდა მონიტორი.
აქციის არგანიზატორების განცხადებით, აქციაზე მისული ადამიანები მონიტორზე ნახავენ, თუ რა ხდება სასესიო დარბაზში, სადაც ამ დროისთვის მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს განიხილავენ.
პარლამენტის წინ შეკრებილები ამბობენ, რომ 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება საფრთხეშია.
"დღეს "ქართული ოცნების" მმართველმა ელიტამ ცხადყო, რომ არ აპირებენ პროპორციული არჩევნების მარტივად მიღებას და საქართველოს მოქალაქეებს კიდევ უნდა მიაყენონ შეურაცხყოფა. ჩვენ დღეს აქ ვართ იმისთვის, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ სირცხვილია და არ შევეგუებით იმას, რასაც პარლამენტის შენობაში აკეთებენ," - განაცხადა ნოდარ რუხაძემ.
"თუ კანონპროექტი ჩავარდება, ეს იქნება ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა. ეტყობა მიიღეს კვლევები და ხედავენ, რომ პროპორციულში დამარცხებას ურჩევნიათ კიდევ ერთხელ მოატყუონ ქართული საზოგადოება," - აღნიშნა შოთა დიღმელაშვილმა.
აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან მიცემული დაპირების შესრულებას ითხოვენ და პერმანენტული დემონსტრაციებით იმუქრებიან.
"ჩვენ მოვედით აქ, რათა დავიცათ ჩვენი სამთვიანი აქციების მონაპოვარი. კატეგორიულად მოვითხოვთ ქართული ოცნებისგან, რომ არცერთ შემთხვევაში არ გაბედოს ამ კანონპროექტის ჩაგდება, რადგან ძალიან მძიმე ტალღას გამოიწვევს პროტესტის," - განმარტა გიგა მაქარაშვილმა.
"ვხედავთ როგორ დგამენ პოლიტიკურ სპექტაკლებს, მაგრამ სამოქალაქო საზოგადოება იმ მონაპოვარს არ დათმობს, რაც მიიღო ზეწოლის შედეგად. ჩვენ ვიქნებით იმ ფასეულობების სადარაჯოზე, რასაც აქამდე ვიცავდით. ბიძინა ივანიშვილს არ მივცემთ საშუალებას საქართველო გაანადგუროს და საკუთარ თამაშებში ჩართოს. შესაბამისად ისინი 2020-ში მიიღებენ პოლიტიკურ სილას, თუ კანონპროექტს ჩააგდებენ," - განაცხადა ანა ჭარხალაშვილმა
"სირცხვილიას" აქტივისტებს საკონონმდებლო ორგანოსთან უკვე შეუერთდა ოპოზიცია.