18 ნოემბერი 2024,   18:56
ვრცლად
ჩხუბი პარლამენტში - სხდომამ განსაკუთრებული გინებების ფონზე ჩაიარა

პარლამენტის დღევანდელმა სხდომამ ხმაურის, გინების და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე ჩაიარა.

ის, რაც ხმამაღლა ვერ ითქვა და საჯაროდ ვერ გაკეთდა, კარს მიღმა გაგრძელდა. თუმცა კარის დაკეტვამდეც ნათელი იყო, რომ დეპუტატები მოსასვენებელ ოთახში კონსტიტუციის განსახილველად ნამდვილად არ შედიოდნენ. ვიდრე პარლამენტის თავმჯდომარე კოლეგების დასამშვიდებლად 10 წუთიან შესვენებას გამოაცხადებდა, დეპუტატები თავად წამოიშალდნენ და სიტყვიერი შელაპარაკება უკვე დახურულ რეჟიმში, ფიზიკურში გადავიდა. გავრცელებული ინფორმაციით, ჩხუბი მმართველი გუნდის წევრებსა და დამოუკიდებელ დეპუტატებს შორის მოხდა.

ყველაფერი კი ირაკლი კობახიძის განცხადებით დაიწყო, რომელმაც ოპოზიცია წყალტუბოს პროექტის კრიტიკის გამო თავად გააკრიტიკა და ოპონენტები ეკლესიაზე თავდასხმაში დაადანაშაულა. პირველივე განცხადების შემდეგ, დარბაზში არ ყოფილა გამომსვლელი, რომელსაც სიტყვა ისე დაეწყო და დაემთავრებინა, რომ ვინმეს არც თუ ისე კორექტულ შეძახილს არ შეეჩერებინა. ძირითადად, ურთიერთბრალდებები საპატრიარქოში განვითარებულ მოვლენებს ეხებოდა.

უმრავლესობის მეტაფორებით შემკობის არც დამოუკიდებელ დეპუტატებს მორიდებიათ. ხანგრძლივი სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, დაჩი ბერაიამ არაერთხელ მოუწოდა გედევან ფოფხაძეს საქმის გარჩევა გარეთ გაეგრძელებინათ. ლევან გოგიჩაიშვილსა და კობა ლურსმანაშვილს შორის დაპირისპირება კი წარსულის მოგონებებს მოჰყვა.

დღეს ჩხუბობდა თითქმის ყველა და თითქმის ყველაფერზე, სიტუაციას ვერც 10-წუთიანმა შესვენებამ უშველა. დარბაზში დაბრუნებულმა დეპუტატებმა საუბარი "9 წელი-7 წელის" კარგად ნაცნობ ფორმატში განაგრძეს, შეურაცხმყოფელი ალუზიებითა და ციტატებით.

დეპუტატების ნაწილმა სხდომის პირველივე წუთებიდან აწეული პოლიტიკური ტემპერატურის მიღმა ქვეტექსტი ამოიკითხეს, რომ ხელისუფლებამ საკონსტიტუციო რეფორმაზე მიღებული გადაწყვეტილება გადაიფიქრა და ახლა პროცესის ხელოვნურ გაჭიანურებას ცდილობს. საკონსტიტუციო რეფორმაზე სამსჯელოდ შეკრებილი დეპუტატები, დღის წესრიგის განხილვამდე დაახლოებით 3 საათის განმავლობაში ჩხუბობდნენ

დღის ამბები