18 ნოემბერი 2024,   18:57
ვრცლად
სურს თუ არა ბიძინა ივანიშვილს საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება - დაპირისპირება პარლამენტში  

ხმაური და დაძაბული ვითარება პარლამენტში - საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დაიწყო.

სხდომაზე დღეს პროექტის განხილვის გადადება, დიმიტრი ხუნდაძემ მოულოდნელად მოითხოვა. თქვა, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემას სხვა მაჟორიტარების მსგავსად არ ეთანხმებოდა და თავის დროზე კომპრომისზე წავიდა, ახლა კი დამატებითი კონსულტაციების საჭიროება უმრავლესობის სხდომის ფორმატში დაინახა. პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. 

ე.წ. მაჟორიტარების ამბოხი კახა ოქრიაშვილმა დილიდან დაანონსა. მაჟორიტარი ფიქრობს, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შემდეგ, ქვეყანაში შეუქცევად პროცესები დაიწყება, რიგგარეშე არჩევნები კი გარდაუვალი იქნება.

არაერთგვაროვანი იყო "ქართული ოცნების" წევრი მაჟორიტარების შეფასებები. ისინი ღიად პოზიციის დაფიქსირებას ერიდებოდნენ.

ეჭვი, რომ ბიძინა ივანიშვილს პროპორციულ სისტემაზე უარის თქმა და საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება სურდა, ოპოზიციას სხდომათა დარბაზში განვითარებულმა მოვლენებმა გაუღრმავა. პარლამენტში ჩხუბსა და დაპირისპირებას ოპოზიციური ფრაქციების დეპუტატებმა საკონსტიტუციო ცვლილებების გადაფარვის მცდელობით ახსნეს.  

კამათითა და ურთიერთდაპირისპირებებით გაგრძელდა ოპოზიციის მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა. მთავარი საკითხი, რაზეც ოპოზიცია და მმართველი გუნდი შეთანხებას ვერ ახერხებს - ბლოკებისა დ ბარიერების გაუქმებაა. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ "ქართული ოცნების" პარტიის თავმჯდომარეს ძალაუფლების დაკარგვის ეშინია, სწორედ ამიტომ ეუბნება უარს არჩევნებამდე ოპოზიციურ პარტიებს ბლოკების შექმნაზე და არჩევნებში ერთიანი ძალებით ბრძოლაზე.

32 მომხრე 55 წინააღმდეგი -მმართველმა გუნდმა ოპოზიციის ინიციატივა ჩააგდო. 

მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობის კანონპროექტს ოპოზიცია ეწინააღმდეგება, მზად არიან მათთვის პრინციპულ საკითხებზე დათმობაზე წავიდნენ და მხარი დაუჭირონ. რადგან ფიქრობენ, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ცვლილებები არ "ქართულ ოცნების", არამედ პარლამენტის წინ ახალგაზრდების აქციების მთავარი მონაპოვარია.

2020 წლის არჩევნები რომ პროპორციული წესით გაიმართება - ეს  განცხადება 20 ივნისის მოვლენების შემდეგ თავად "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ გააკეთა.  

დღის ამბები