"მე ვტოვებ "ქართული ოცნების" უმრავლესობას და შესაბამისად, ვტოვებ განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს," - ამის შესახებ მარიამ ჯაშმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.
როგორც მარიამ ჯაშმა აღნიშნა, კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ თითქმის 3 საათი გავიდა და ეს დრო სპეციალურად გამოიყენა, რომ ეს ემოციურ ფონზე მიღებული გადაწყვეტილება არ ყოფილიყო.
"ჩემთვის ძალიან ბევრი ძვირფასი კოლეგა და მეგობარი რჩება "ქართულ ოცნებაში". მე ეს დრო გამოვიყენე ასევე, რომ მათთან მქონოდა გასაუბრება და ჩამეყენებინა ისინი ჩემი გადაწყვეტილების თაობაზე საქმის კურსში. მე ვტოვებ "ქართული ოცნების" უმრავლესობას და შესაბამისად, ვტოვებ განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს.
მიუხედავად იმისა, რომ პირადად მე ბუნებრივია მხარი დავუჭირე პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება დაუსრულებლად დისკუსი, რომელი საარჩევნო სისტემა არის უკეთესი, ამ შემთხვევაში ჩვენ 2 თვის წინ ის პირობა, რომელიც მივეცით ჩვენს საზოგადოებას და საერთაშორისო თანამეგობრობას 93 დეპუტატის თანხმობით და ხელმოწერით, ეს იყო პრინციპული საკითხი, რომ გაგვეტანა აღნიშნული გადაწყვეტილება," - განაცხადა მარიამ ჯაშმა.