18 ნოემბერი 2024,   17:53
ვრცლად
ყველა ერთის წინააღმდეგ - მთავარ პოლიტიკურ მოედნად ქცეული რუსთაველი და ერთ პოზიციაზე შეჯერებული ოპოზიცია 

ყველა ერთის წინააღმდეგ - განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების მქონე ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილის შეუსრულებელმა დაპირებამ გააერთიანა და რუსთაველზე ვადამდელი პროპორციული არჩევნების მოთხოვნით შეკრიბა.

ხელისუფლების ოპონენტები ამ სცენარით მოვლენების განვითარებას მას შემდეგ ელოდებიან, რაც პრემიერ-მინისტრი გადადგება, პროცესს "ქართული ოცნება" გაემიჯნება და საარჩევნო კანონმდებლობა შეიცვლება.  

პროცესი პარლამენტის კედლებიდან გავიდა და რუსთაველის გამზირი მთავარ პოლიტიკურ მოედნად გადააქცია. ისინი, ვინც საარჩევნო რეფორმაზე პარლამენტში მუშაობის რესურსს კიდევ ხედავენ, საკონსტიტუციო ცვლილებების ხელახლა დაინიცირებას აპირებენ.

"ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატი ეკა ბესელია კი ამბობს, რომ რეგლამენტში შესაბამისი ცვლილებების განხორციელების შემდეგ პროექტის მეორე მოსმენით განხილვა შესაძლებელია. დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილი რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საფუძველს ბიუჯეტის პროექტის ჩაგდების შემთხვევაშიც ხედავს.

პოლიტიკურ კრიზისზე საუბრობენ და შექმნილი ვითარებიდან ქვეყნის გამოყვანის გზებს ეძებენ პარლამენტის გარეთ დარჩენილი პოლიტიკური ძალებიც, რომლებსაც "ოცნების" შეუსრულებელი დაპირებით პარლამენტში 2020 წელს შესვლის შანსი შეუმცირდათ. მათთვის მთავარი პროპორციულ საარჩევნო სისტემამდე მისვლაა, ერთ-ერთ ვარიანტად კი გერმანულ მოდელს განიხილავენ. 

მმართველი გუნდის წევრები კი ოპონენტებს 2020 წლის არჩევნებისთვის საფუძვლიან მომზადებას ურჩევენ. პარლამენტის თავმჯდომარე პოლიტიკურ კრიზისსა და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს გამორიცხავს. 

ერთადერთი, რასაც ხელისუფლების ოპონენტები დათანხმდებიან, მათი მოთხოვნების უპირობო შესრულებაა, მანამდე კი პერმანენტულ აქციებს განაგრძობენ. 

დღის ამბები