18 ნოემბერი 2024,   19:01
ვრცლად
"რევოლუციის გარეშე ქვეყანაში ვერაფერი დალაგდება"- ლევან ვასაძე

 

ბიზნესმენი და რაინდი ლევან ვასაძე პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდების გამო დაწყებულ საპროტესტო გამოსვლებს საღვთო კანონს უკავშირებს. ვასაძის თქმით, ეს დაპირისპირება იმის გამო ხდება, რომ ხელისუფლებამ ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება არ აკრძალა:

"ეს ხელისუფლება და ეს სახელმწიფოებრივი წეს-წყობილება განწირულია, ეს საღვთო კანონია, რომელიც ფიზიკის კანონებზე ძლიერია. როგორც გასულ ზაფხულს პრაიდის მცდელობას მოჰყვა არეულობა ქვეყანაში, იგივე ხდება ახლაც რუსთაველის პროსპექტზე, უარესი მოხდება ვშიშობ, რადგან ზაფხულში სახელმწიფომ ისმინა ერისა და ეკლესიის ხმისა და გააუქმა ის პრაიდი, ახლა კი არა. არავინ იცის რა ფორმით წარიმართება არეულობა და რამდენ ხანს გაგრძელდება,"- განაცხადა ვასაძემ.

ლევან ვასაძე ხელისუფლებას და ოპოზიციას "ლიბერალური ურჩხულის ნაშიერებს" უწოდებს,რომელსაც "ქართველი ერი შესაჭმელად ჰყავს გამზადებული". რაინდის თქმით, გამოსავალი რევოლუციაშია, რომელიც შესაძლოა ძალისმიერიც იყოს:

"ამ რევოლუციას შეიძლება მშვიდობიანი ხასიათიც ქონდეს და ძალისმიერიც. მშვიდობიანი- მაჰათმა განდისეული ტკივილის არ მიყენების, ამ აჰიმსას მსგავს დაუმორჩილებლობას უნდა ემსგავსოს, ოღონდ ქართული მითოლოგიისა და ეთნო-ფსიქიკის გათვალისწინებით, ხოლო ძალისმიერი ერთი ლიდერის ნებას უნდა დაემყაროს, რომელიც არ შეუშინდება ამ ტვირთს ქვეყნის გადარჩენის მიზნით. ვშიშობ, რომ ჭეშმარიტი სახალხო რევოლუციის გარეშე ქვეყანაში ვერაფერი დალაგდება, თუ კიდევ გარედან რაიმე სასჯელი არ გვეწვია, ჩვენი ქცევის სანაცვლოდ მაგალითად, მორიგი ომის სახით. არაა გამორიცხული, ამ მორიგ ყირაობაში ბიძინა ამერიკელებმა მაინც გასვან და უარესი ლიბერალები დაგვიბრუნონ, რომც მოხდეს, მერე მაგ ლიბერალები დიდხანს ვერ ითამაშებენ ხალხის მეგობრების როლს და ისევ ჩვეულ ტერორს მიჰყოფენ ხელს, რასაც უკვე აუცილებლად მოჰყვება მათი ლინჩის წესით გასამართლება ხალხის მხრიდან. ჯერჯერობით დავაკვირდეთ ლიბერალური დემონოკრატიის თვითგანადგურების ტრაგიკომედიას, რომელიც რუსთაველზე მორიგ მოქმედებაში მიმდინარეობს,"- განაცხადა ლევან ვასაძემ.

დღის ამბები