18 ნოემბერი 2024,   09:30
ვრცლად
ე.წ. გერმანული მოდელი კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება - არასამთავრობო სექტორი

არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და აცხადებს, რომ საარჩევნო  სისტემის ე.წ. "გერმანული მოდელი" საქართველოს კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება.

როგორც არასამთავრობოების  განცხადებაშია აღნიშნული,  პარლამენტში 2020 წლისთვის სრულად პროპორციულ არჩევნებზე გადასასვლელად ინიცირებული კონსტიტუციური კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ, საპროტესტო აქციების მოთხოვნად გამოიკვეთა საქართველოში დღეს მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემის ე.წ. „გერმანული მოდელის“ მიხედვით მოდიფიცირება.

 "გვსურს, ხაზგასმით განვმარტოთ, რომ "გერმანული მოდელის" მოდიფიცირებული ვარიანტი საქართველოს კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება შემდეგი მიზეზების გამო:

კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მიხედვით, მომდევნო არჩევნებში არჩეული პარლამენტი შედგება 77 პროპორციული და 73 მაჟორიტარული სისტემით არჩეული დეპუტატისგან.

კონსტიტუცია განსაზღვრავს მხოლოდ პროპორციული და მაჟორიტარული მანდატების რაოდენობას. იგი არ აკონკრეტებს, შერეული საარჩევნო სისტემის პროპორციული და მაჟორიტარული კომპონენტები პარალელურია, თუ პროპორციული სიის განაწილება დამოკიდებულია მაჟორიტარულ ოლქებში დამდგარ შედეგებზე. ორივე კომპონენტში ადგილების განაწილების წესს განსაზღვრავს "საქართველოს საარჩევნო კოდექსი", რომელიც, დღეს არსებული რედაქციით, პროპორციულ კომპონენტში ადგილების მაჟორიტარულისგან დამოუკიდებლად განაწილებას ითვალისწინებს. აღნიშნული გარემოება იძლევა საშუალებას, "საარჩევნო კოდექსში" ცვლილების შეტანით საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებისთვის ამოქმედდეს შერეული საარჩევნო სისტემის ე.წ. "გერმანული მოდელის" მოდიფიცირებული ვარიანტი, ისე, რომ არ შეიცვალოს პროპორციული და მაჟორიტარული ადგილების კონსტიტუციით განსაზღვრული თანაფარდობა პარლამენტის სრულ შემადგენლობაში.

შერეული საარჩევნო სისტემის "გერმანული მოდელი" შერეული წევრობის პროპორციული, დამოკიდებული (Mixed-member proportional) საარჩევნო სისტემის ტიპს წარმოადგენს. იგი ამომრჩეველს აძლევს საშუალებას, აირჩიოს როგორც მაჟორიტარი დეპუტატი, ისე პარტიული სია. პარლამენტში კი პარტიებს/საარჩევნო ბლოკებს შორის ადგილების განაწილების განმსაზღვრელი არის პროპორციული სისტემის საფუძველზე მიღებული ხმები.

კლასიკური "გერმანული მოდელი" ასევე ითვალისწინებს მაჟორიტარულ კომპონენტში გამოვლენილი ხმებისა და მანდატების დისპროპორციის კომპენსირებას პროპორციული სიებით, რისთვისაც გამოიყენება საკომპენსაციო მანდატები და არ არის განსაზღვრული საკანონმდებლო ორგანოს სრული შემადგენლობა. საქართველოში კონსტიტუცია განსაზღვრავს პარლამენტის შემადგენლობას 150 დეპუტატით. თუმცა, მაჟორიტარულ კომპონენტში გამოვლენილი მანდატების არაპროპორციულობის დაბალანსება შესაძლებელია მანდატების ფიქსირებული ჯამური რაოდენობის პირობებშიც. შესაძლოა, ამ ფაქტორმა გაართულოს მანდატების იდეალური პროპორციით განაწილება, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ე.წ. "გერმანული მოდელით" განაწილებული მანდატები უფრო მეტად პროპორციულ და სამართლიან თანაფარდობას მოგვცემს, ვიდრე საქართველოში დღეს მოქმედი საარჩევნო სისტემა.

შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, მოქმედი საარჩევნო სისტემის ე.წ. "გერმანული მოდელის" მოდიფიცირებული ვერსიით ჩანაცვლება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საარჩევნო გარემოს და 2020 წლის არჩევნების შედეგად შესაძლებელს გახდის საპარლამენტო მანდატების უფრო სამართლიან გადანაწილებას," - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)"; "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI)"; "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)"; "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)".

დღის ამბები