18 ნოემბერი 2024,   17:51
ვრცლად
"მაინც დაგაბოქლომებთ" - ოპოზიცია პიკეტირებას აგრძელებს და სამოქმედო გეგმას დღეს აქციაზე გააჟღერებს

ოპოზიციამ სამოქმედო გეგმა შეიმუშავა, რომელიც საპროტესტო აქციაზე დაახლოებით 19:00 საათზე გაჟღერდება. მოლაპარაკებები "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ოპოზიციის განცხადებით ისინი კანონით გათვალისწინებულ პროტესტის ყველა ფორმას გამოიყენებენ.

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ ოპოზიციის შეთანხმება მწვავე პროტესტთან დაკავშირებით, კიდევ უფრო მტკიცეა:

"ყველაფერი რჩება ძალაში, ის რაზეც შევთანხმდით დღეების განმავლობაში, მეტიც, კიდევ უფრო მტკიცეა ეს შეთანხმება, იქნება მწვავე პროტესტი არა ერთ და ორ ადგილზე, ამ უსამართლობის წინააღმდეგ, რომელსაც ადგილი აქვს ივანიშვილის მხრიდან, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მას უბრალოდ სხვა გზა არ დარჩა," - განაცხადა ნიკა მელიამ.

"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ დიალოგი უნდა აღადგინოს ივანიშვილმა, რადგან სწორედ მისი ქმედებების გამო მოხდა სიტუაციის დაძაბვა:

"დიალოგი შეწყვიტა ივანიშვილმა და მისი კლოუნების მეშვეობით მოგვაყენა შეურაცხყოფა. თუ უნდა რომ აღდგეს დიალოგი, ჯერ მიიღოს პროპორციული არჩევნები. ეს იქნება პირველი ნაბიჯი და შემდეგ გაგრძელდება რთული დიალოგი სხვა თემებზე, პოლიტპატიმრები არიან ციხეში, ბევრი თემაა. დიდი თემაა რომ ეს კაცი გავუშვათ რომელმაც მთელი ქვეყანა ასეთ შარში გახვია. იქამდე რომ დიალოგი იყოს, ყოველთვის დიალოგის მომხრე ვარ, ვინც გაწყვიტა დიალოგი იმან უნდა აღადგინოს, ანუ ივანიშვილმა თავისი კლოუნებით," - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი აცხადებს, რომ პიკეტირება აუცილებლად გაგრძელდება, ნინო ბურჯანაძე ადასტურებს, რომ სისტემის შეცვლის აუცილებლობასთან დაკავშირებით ოპოზიცია შეთანხმებული და ერთიანია:

"პიკეტირებაც გაგრძელდება, უბრალოდ გადაწყვეტილი იქნება პიკეტირების გრაფიკი და ობიექტები, ყველაფერზე ერთიანად შეთანხმების მოლოდინი არც უნდა ქონდეს საზოგადოებას. მთავარში არის შეთანხმება, რომ უნდა შეიცვალოს სისტემა," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

"ევროპელი დემოკრატების" ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ პიკეტირებაზე კონსენსუსია მიღწეული და ის კონსტიტუციურ ჩარჩოებში განხორციელდება.

"პრინციპული შეთანხმება ყველასი არის პირველი  პროპორციული არჩვენების საკითხი, მეორე აქციები და პიკეტირება, მესამე ეს არის რომ ყველაფერი განხორციელდება კონსტიტუციურ ჩარჩოებში და ეს არის ამოსავალი წერტილი. პიკეტირებაზე არის კონსენსუსი, საუბარია მონაწილეობაზე და ფორმებზე,"- განაცხადა პაატა დავითაიამ.

"ლეიობორისტული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა აცხადებს,რომ ოპოზიციაში  სხვადასხვა ტაქტიკურ საკითხებზე არის განსხვავებები, თუმცა ერთმანეთის ხელშეშლა და საპირისპირო ნაბიჯების გადადგმა არ მოხდება:

"უნდა გაგრძელდეს აქციები არსებული რეჟიმის წინააღმდეგ სხვადასხვა მწვავე ფორმებით, რათა ისინი ვაიძულოთ აასრულონ დანაპირები და ქვეყანა გადავიდეს პროპორციული არჩევნების წესზე, რათა მშვიდობიანი, კონსტიტუციური, სამართლიანი არჩევნების მეშვეობით მოხდეს ამ რეჟიმის დემონტაჟი და ოლიგარქიული მმართველობის დასრულება, რაც შეეხება სხვადასხვა ტაქტიკურ საკითხებზე არის განსხვავებები, თუმცა ერთმანეთის ხელშეშლა და საპირისპირო ნაბიჯების გადადგმა არ მოხდება," - განაცხადა გიორგი გუგავამ.

"ახალი საქართველოს" ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, სამოქმედო გეგმის მთავარი გზავნილია "მაინც დაგაბოქლომებთ", ვაშაძის თქმით, პიკეტირება აუცილებლად გაგრძელდება:

"სამოქმედო გეგმა გამზადებულია სახელწოდებით "მაინც დაგაბოქლომებთ", ასე რომ ვაგრძელებთ ამ კამპანიას, დღეს საღამოს 7 საათზე ახალგაზრდების მხრიდან მოხდება გაჟღერება იმ შეთანხმების რომელიც გვაქვს. ბლოკირება არის გახარიას ტერმინი, მშვიდობიანი პიკეტირება იქნება," - აღნიშნა ვაშაძემ.

რადიკალური საპროტესტო აქციების გაგრძელებას ადასტურებს "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი შალვა შავგულიძეც:

"გაგრძელდება ყველა მშვიდობიანი და კანონიერი ფორმით, ყველა სახის საპროტესტო აქცია, მაქსიმალურად რადიკალური სახის იქნება,"- განაცხადა შალვა შავგულიძემ.

შეგახსენებთ, საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტში, უმრავლესობის წევრმა მაჟორიტარმა დეპუტატებმა 14 ნოემბერს პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით უმრავლესობის მიერვე ინიცირებული კანონპროექტი ჩააგდეს. საზოგადოება და ოპოზიცია მმართველ გუნდს ტყუილში ადანაშაულებს. 

დღის ამბები