18 ნოემბერი 2024,   17:49
ვრცლად
შვილის სასამართლოზე თუ მომიწევდა ყოფნა, არ ვფიქრობდი - საქალაქო სასამართლოსთან დაკავებული პირების მხარდამჭერები იმყოფებიან

სასამართლო პროცესების პარალელურად საქალაქო სასამართლოსთან დაკავებული პირების მხარდამჭერები იმყოფებიან. მათ წინასწარი პროგნოზების გაკეთება უჭირთ, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე. თუმცა ამბობენ, რომ გაჩერებას არ აპირებენ და აქციების ჩატარებას კვლავ გეგმავენ.

"რესპუბლიკური პარტიის" ეროვნული კომიტეტის წევრის თქმით, ხელისუფლება საკუთარ ქმედებებს ვერ აკონტროლებს.

"ჩემი სასამართლოდან 35 წლის მერე, ისევ პოლიტიკურზე, უკვე შვილის სასამართლოზე თუ მომიწევდა ყოფნა არ ვფიქრობდი. მე არაფერს არ გამოვრიცხავ. მგონი ახლა დაიწყებენ ანგარიშს, ვინ რა ღირს, ვისი გარეთ გაშვება რამდენად შეაფასონ. ნერვების ომი თუა, ნერვებმა უმტყუნა კი არა საერთოდ ვერ აკონტროლებენ საკუთარ თავს," – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

სასამართლო პროცესებისგან სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი არ აქვს საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" წევრს. კახა კოჟორიძის თქმით, სასამართლო საქმეებს კანონის დარღვევით განიიხილავს.

"ფორმალურადაც ფარსი, სპექტაკლი შემოგვთავაზეს სასამართლოს მაგივრად და რა თქმა უნდა სამართლიანი გადაწყვეტილების იმედი არავის აქვს. ეს სასამართლო იხილავს საქმეებს აბსოლუტურად კონსტიტუციის და კანონის დარღვევით,"- განაცხადა კახა კოჟორიძე​მ.

მიმდინარე სასამართლო პროცესებს ეხმაურება "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" თავმჯდომარე.  გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, სამართლიანი სასამართლოს უფლების განხორციელებას ხელი ეშლება. მშვენიერაძის თქმითვე, მოსამართლემ დაცვის მხარეს, მტკიცებულებათა მოსაპოვებლად და წარმოსადგენად არასაკმარისი დრო მისცა.

"მან ფაქტობრივად 2 წუთი განუსაზღვრა ადვოკატებს მხარეთა დასაკითხად და ამ 2 წუთში შედიოდა არა მარტო შეკითხვების დასმის დრო, არამედ პასუხების მიღების დროც. ეს ნიშნავს, რომ სასამართლოს სინამდვილეში არ აინტერესებს სამართლიანი სასამართლოს უფლების განხორციელება, რაც დაცულია როგორც ჩვენი კონსტიტუციით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს პრაქტიკით," – განაცხდა გიორგი მშვენიერაძემ.

"რესპუბლიკური პარტიის" პოლიტიკური მდივნის თქმით, სასამართლო არაკანონიერ გადაწყვეტილებებს იღებს.

"დღეს ერთადერთი, რაც სანახავი დაგვრჩა, ეს არის რა სიმაღლეებზე ავა სასამართლო უკანონო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. გუშინ ჩვენ დავინახეთ უკანონობის მთელი კასკადი," - აღნიშნა თამარ კორძაიამ.

დღის ამბები