საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრის დროს საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა საკითხზე ისაუბრა და განაცხადა, რომ 97% შემთხვევებზე თანხმობა არ იქნა გაცემული. კრისტოფ კასტანერის თქმით, საფრანგეთის შესაბამისი უწყებები ძალიან მკაცრები იქნებიან და თავშესაფარს მხოლოდ მათ შესთავაზებს, ვინც ამას ნამდვილად იმსახურებს:
"ამა წლის პირველ თვეში, საქართველო იყო პირველ ადგილზე თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობით - ეს იყო ანომალია, რადგან საქართველო საფრანგეთის მიერ აღიარებულია უსაფრთხო ქვეყნად და ვიცით, რომ საქართველო არის თანამედროვე და განვითარებადი ქვეყანა, რომელიც ხარისხიან სერვისს სთავაზობს ხელმისაწვდომ ფასად და ხანდახან უფასოდ თავის მოქალაქეებს. დაახლოებით, იგივე ვალდებულებებით, როგორც ეს საფრანგეთშია.
მიმდინარე წლის პირველი თვეების განმავლობაში ძალიან დიდი რაოდენობით დაფიქსირდა ქართველ თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადები, რომლებიც ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში ჩამოვიდნენ საფრანგეთში, თუმცა 97% შემთხვევებზე თანხმობა არ იქნა გაცემული.
ჩვენ ქართულ მხარესთან განვიხილეთ კონტროლის ცალკეული მექანიზმების შემოღების საკითხი, მათ შორის გაფრენის და ჩაფრენის აეროპორტებში, მესმის, მიგრაციასთან დაკავშირებით, შესაძლოა, არსებობდეს დელიკატური სიტუაციები, მაგრამ მსურს დავაფიქსირო საფრანგეთის პოზიცია, რომ საფრთხის ქვეშ არ დადგება ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული შეთანხმება უვიზო მიმოსვლის შესახებ. ბუნებრივია, არ უნდა დავიშუროთ ძალისხმევა, დავიცვათ ის ადამიანები, როგორც ქართველები, ასევე, სხვა ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც ვმასპინძლობთ საფრანგეთის საზღვრებში, მაგრამ როდესაც ამ მექანიზმს იყენებენ სხვა მიზნებისთვის, აუცილებელია, რომ გვქონდეს მტკიცე და თანამშრომლობითი პოზიცია.
ამ თანამშრომლობის ფარგლებში, ასევე, უპრეცედენტო რაოდენობით გავზარდეთ საქართველოსთან მიმართებით საკონსულო მიმართულებით მომუშავე კადრების რაოდენობა.
მე მინდა ვუთხრა ყველა იმ ქართველს, ვინც აპირებს, რომ საფრანგეთში ჩამოვიდეს თავშესაფრის მიღების მიზნით, რომ ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში, ვიქნებით ძალიან მკაცრები და შევთავაზებთ თავშესაფარს მხოლოდ მათ, ვინც ამას ნამდვილად იმსახურებს," - აღნიშნა საფრანგეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა კრისტოფ კასტანერმა.