საქართველოს პოლიციამ საპროტესტო აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა და აქტივისტები დააკავა - თბილისში განვითარებული მოვლენების შესახებ ვრცელი რეპორტაჟები Al Jazeera-მ და Euronews-მა მოამზადეს.
თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანებიან საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები და ანალიტიკოსები. Amnesty International-ის წარმომადგენელი დენიელ ბალსონი ტვიტერზე წერს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში მიმდინარე პროცესებს ყურადღებით აკვირდება.
"საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა, მაგალითად, გიორგი გახარიამ, ასევე საქართველოს საელჩომ შეერთებულ შტატებში და სხვებმა უნდა იცოდნენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები აკვირდება თბილისში მიმდინარე მოვლენებს. ვაშინგტონში ყურადღებას მიაქცევენ იმასაც თუ როგორ ეპყრობიან დემონსტრანტებს."
განცხადებები გაკეთდა ვაშინგტონშიც. მნიშვნელოვანია არ შეიქმნას განცდა, რომ საქართველო დემოკრატიულ უკუსვლას განიცდის - ამ შეფასებას "ამერიკის ხმასთან" საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის მკვლევარი რობერტ ჰამილტონი აკეთებს.
"პროპორციულ პარტიულ სიებზე გადასვლის დაპირება, რომელიც მთავრობამ გასცა, დიდი დათმობა იყო. მნიშვნელოვანია, რომ ეს შესრულდეს და მთავრობამ დაპირებას პატივი სცეს. შესაძლოა "ქართული ოცნება" ვერ აკონტროლებს ყველა მისი დეპუტატის ხმას, თუმცა მიუხედავად ამისა, 2020 წელს პროპორციული სისტემა იქნებოდა უფრო სამართლიანი ოპოზიციური პარტიებისთვის, რადგან ახლანდელი შერეული სისტემა უპირატესობას აძლევს მმართველ ძალას. ამ დაპირების შესრულება იქნება საქართველოს მომავალი დემოკრატიული განვითარების მნიშვნელოვანი ინდიკატორი. ეს სიტუაციის სტაბილიზაციას ხელს შეუწყობს და ხალხი ქუჩაში აღარ იდგება," - აცხადებს რობერტ ჰამილტონი.
ამერიკის ჰელსინკის კომისიის ადმინისტრაციის უფროსი ალექს ჯონსონი შტატების მხრიდან მხარდაჭერის გაზრდის აუცილებლობაზე ლაპარაკობს, "ატლანტიკური საბჭოდან" ანდერს ასლუნდი კი აცხადებს, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა ხალხს თავიანთი პოზიციის უკეთესად გამოხატვის საშუალებას აძლევს.
"ყველაზე მნიშვნელოვანი ხალხის მოსმენაა. მთავრობის მიერ საარჩევნო პირობის შესრულებაზე უარის თქმა გამოწვევებს ქმნის. ეს ფაქტი აჩვენებს რამდენად მნიშვნელოვანია შტატებთან სტრატეგიული თანამშრომლობა და ამ ფარგლებში ინსტიტუციური რეფორმების მხარდაჭერა. ქართველებს ვეტყოდი - განაგრძეთ თქვენი პოზიციის გაჟღერება," - აცხადებს ალექს ჯონსონი.
"პროპორციული არჩევნები დემოკრატიის შესანარჩუნებლად სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ქვეყნებს, რომლებსაც მსგავსი პრობლემები აქვთ - საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას - სჭირდებათ პროპორციული სისტემა, უკეთეს შემთხვევაში, ღია პარტიული სიით. ევროპის ორ საუკეთესო დემოკრატიას: გერმანიას და ფინეთს, სწორედ ეს სისტემა აქვთ," - აღნიშნავს ანდერს ასლუნდი.
საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება "ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის" თბილისის ოფისის დირექტორიც. შტეფან მაისტერი "ტვიტერზე" წერს, რომ მმართველი პარტია კომპრომისზე არ მიდის და სიტუაციასთან გამკლავებას პოლიციის დახმარებით ცდილობს.
"მმართველი პარტიის მიერ საარჩევნო რეფორმის ჩაგდების წინააღმდეგ თბილისში ისევ პროტესტია. სანამ ოპოზიცია ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ მეტ-ნაკლებად ერთიანია, ქუჩაში გაცილებით ნაკლები ადამიანია, ვიდრე ივნისში იყო. მმართველი პარტია კომპრომისზე არ მიდის და იმედოვნებს, რომ სიტუაციას პოლიციასთან ერთად გაუმკლავდება."
საპროტესტო გამოსვლებზე სტატიებს Reuters, Deutsche Welle, New York Times, BBC, Euronews და სხვა გამოცემები აქვეყნებენ. სტატიებში აღნიშნულია, რომ დემონსტრაციაზე შეკრებილი საქართველოს მოქალაქეები აქციებს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით მართავენ.