საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბერლინში იმყოფებოდა. დავით ზალკალიანი გერმანელ კოლეგას ჰაიკო მაასის შეხვდა.
ორმხრივი ურთიერთობების, რუსული აგრესიის, ნატოში ინტეგრაციის და საქართველოს ევროპული კურსის გარდა, ერთ-ერთი მთავარი თემა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი იყო. მინისტრებმა ერთობლივი განცხადებები საგანგებო პრესკონფერენციაზე გააკეთეს.
"ჩვენ ყურადღებით ვადევნებდით თვალს საქართველოში მიმდინარე პროცესებს და იმედს გამოვთქვამთ, რომ მხარეები დიალოგის გზით შეძლებენ საკითხის გადაჭრის გზების პოვნას. თუკი ჩვენც შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ ამ პროცესში სიამოვნებით გავაკეთებთ ამას. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ საქართველოს გვერდით. საქართველოს სუვერენიტეტი არ არის ჩვენთვის ვაჭრობის საგანი. საქართველო არის ჩვენი სანდო, სატბილური და ღირებული პარტნიორი ევროპაში. ამიტომაც, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ინიციატივას ევროპული ინტეგრაციის შესახებ და გვინდა, რომ საქართველოში ადამიანებმა იგრძნონ ევროპაში ინტეგრაციის ეს შედეგები," - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასიმ.
"დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ოცი პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ და ყოველდღიურად, ჩვენ მოწმეები ვართ, თუ როგორ ყოფს მავთულხლართები ოჯახებსა და მათ საკუთრებას, გერმანელი ხალხის დაუღალავი სწრაფვა გაერთიანებისკენ, ჩვენთვის შთაგონების წყაროა. მავთულხლართების გაბმა ოცდამეერთე საუკუნეში არის მიუღებელი და მათ შორის მაშინ, როდესაც ჩვენი შეხვედრა მიმდინარეობს, უდანაშაულო ადამიანები, მათ შორის ქართველი ექიმი, რომელიც უკანონო ტყვეობაში გახლავთ უკვე რამდენიმე კვირის განმავლობაში და ჩვენ უშედეგოდ ვცდილობთ მის გამოხსნას და აქაც ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების განსაკუთრებული მხარდაჭერა და მკაფიო შეფასება აღნიშნული სიტუაციის," - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
დავით ზალკალიანმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში მოიწვია. ამავე ვიზიტის ფარგლებში იყო სხვა მნიშვნელოვანი შეხვედრებიც, მათ შორის ბუნდესტაგის პრეზიდენტთან.