“პრეზიდენტს არ უნდა სჭირდებოდეს ქაღალდზე გაწერილი წესი, რომ არ შეიწყალოს პოლიციის მკვლელობაში მსჯავრდებული პირი, ან შეიწყალოს ადამიანი, რომელიც არ აღიარებს საკუთარ დანაშაულს“ - ასე გამოეხმაურა “ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი აბესაძე შეწყალების ახალ კრიტერიუმებზე პრეზიდენტის მიერ გამოცემულ ბრძალებულებას.
აბესაძის შეფასებით, პრეზიდენტის მიერ შემუშავებული დადგენილება, რეალურად საზოგადებისთვის თვალისახვევაა და არ არის გამორიცხული, პრეზიდენტმა შეწყალების დროს იგივე შეცდომები დაუშვას.
"ამ თვალსაზრისით აღნიშნული წესები არაფერს ახალს არ მოიტანს. ეს ემსახურება მხოლოდ საზოგადოებისთვის თვალისახვევას და თითქოს წესების არარსებობამ გამოიწვია პრეზიდენტის მხრიდან სკანდალური შეწყალებები. სინამდვილეში, ჩვენ გვყავს არადეკვატური, უპასუხისმგებლო პრეზიდენტი, რომელიც ამ დადგენილი წესების შემდეგ, მომავალშიც შესძლებს აღაშფოთოს საზოგადოება," - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
შეწყალების ახალ კრიტერიუმებზე პრეზიდენტის ბრძანებულება ძალაშია. სალომე ზურაბიშვილის განკარგულება საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა. რაც იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტი იწყებს შეწყალებული პატიმრების საქმეების განხილვას.