18 ნოემბერი 2024,   18:51
ვრცლად
"საფრთხე მომდინარეობს სწორედ რადიკალური, ექსტრემისტული ოპოზიციური ძალისგან" - ირაკლი ღარიბაშვილი

"ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური გამოწვევა, რაც ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან სტაბილურ განვითარებას და მშვიდობას წინ უდგას, სწორედ რადიკალური, ექსტრემისტული ოპოზიციური ძალისგან მომდინარეობს," - თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის შენობის მიმდებარედ საპროტესტო აქციებს ეხმაურება.

ირაკლი ღარიბაშვილმა "ნაციონალურ მოძრაობას" რადიკალური ექსტრემისტული ჯგუფი უწოდა.

"დღეს ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის, ეკონომიკური სიდუხჭირის და უმუშევრობის გამოწვევების გარდა, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი აქტუალური გამოწვევა, რაც ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან სტაბილურ განვითარებას და მშვიდობას წინ უდგას, სწორედ რადიკალური, ექსტრემისტული ოპოზიციური ძალის მხრიდან მომდინარეობს. კერძოდ, კოლექტიური ნაცმოძრაობის მხრიდან. ანტიდასავლური ქმედება, რომელიც გამოხატულია ბოლო პერიოდში რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, აბსოლუტურად მიუღებელია. გამოსავალი არის იმაში, რომ ყველა ადამიანი, ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი უნდა დაელოდოს არჩევნებს," - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი. 

თავდაცვის მინისტრმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზეც ისაუბრა. ღარიბაშვილის თქმით, აღნიშნულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, მმართველმა ძალამ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2017 წელს მიიღო, თუმცა 2024 წლისთვის. 

"სწორედ ამ რადიკალური ოპოზიცის წარმომადგენლების გაუთავებელი შეურაცხყოფის, ზღვარგადასული უკულტურობისა და მართლაც ყოველგვარ ჩარჩოებს გაცდენილი ქმედებებისა, რა თქმა უნდა, ჩვენი მაჟორიტარების დიდი ნაწილის საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია ყველაფერმა ერთად, ამას დაემატა, რომ ისინი ობიექტურად მხარს არ უჭერდნენ ამ ინიციატივის განხორციელებას 2020 წელს და ეს ინიციატივა უბრალოდ არ გავიდა," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

დღის ამბები