18 ნოემბერი 2024,   17:50
ვრცლად
დაპირისპირება ქუთაისში - საჯარო სამსახურების თანამშრომლებს ოპოზიცია ქალაქში არეულობის მოწყობაში ადანაშაულებს

საკრებულოს, მერიის, ბაღებისა და გუბერნიის თანამშრომლები - ქუთაისის "გაერთიანებული ოპოზიციის" ლიდერებმა იმ პირების ვინაობები გაასაჯაროეს, რომლებიც მათი თქმით, შტაბის დარბევას გეგმავდნენ. საჯარო სამსახურების თანამშრომლებს ოპოზიციური პარტიების წევრები ქალაქში არეულობის მოწყობაში ადანაშაულებენ, საგამოძიებო უწყებებს კი, ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.

ქუთაისში მმართველი გუნდის მხარდაჭერების მიერ არეულობის მოწყობაში ხელისუფლებას ადანაშაულებენ "ნაციონალურ მოძრაობაშიც". როგორც ოპოზიციური პარტიის რეგიონული ოფისის ლიდერები აცხადებენ, შეკრებილებმა გარკვეული დაპირებების სანაცვლოდ "ქართული ოცნების" დავალება შეასრულეს.

არეულობაში საჯარო სამსახურების თანამშრომლების მონაწილეობას არ უარყოფენ მმართველ პარტიაში. "კურიერთან" ღიად საუბრობენ მერიის ის თანამშრომლები, რომლებიც დაპირისპირებაში აქტიურად მონაწილეობდნენ. მათთვის გაუგებარია, თუ რატომ არ უნდა ჰქონდეთ საკუთარი პროტესტის გამოხატვის უფლება.

ქუთაისში "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს შორის კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც გაერთიანებული ოპოზიციის წევრები "ქართული ოცნების" ოფისთან ბოქლომების დასადებად მივიდნენ.

საპასუხო აქციით "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მისულმა "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა "დაბოქლომებისგან" განსხვავებული პროტესტის ფორმა აირჩიეს. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც მმართველი პარტიის მხარდამჭერებმა პარტიის შენობას კვერცხები და ცოცხები დაუშინეს. უფრო მოგვიანებით კი, პროტესტი შეკრებილებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მმართველი პარტიის მხარდამჭერები გაერთიანებული ოპოზიციის შტაბთანაც იმყოფებოდნენ.

ორი პარტიის წევრებსა და მათ მხარდამჭერებს შორის არსებული დაპირისპირების გამო, ადგილზე სამართალდამცველების მისვლა და ჩარევა გახდა საჭირო. "ნაციონალური მოძრაობის" პარტიის ოფისთან სიტუაციის განმუხტვა სამართალდამცველებს გაუჭირდათ.

ქუთაისში მომხდარ ინციდენტს დედაქალაქშიც გამოეხმაურნენ.  ხელისუფლების მიერ ოპოზიციის წინააღმდე საპროტესტო აქციების გამართვას გიგა ბოკერია პოლიტიკურ აგონიად აფასებს. ოპოზიციური პარტიის ლიდერების თქმით, ხელისუფლება ქვეყნის სამოქალაქო დაპირისპირებისკენ წაყვანას ცდილობს.

რადიკალურად განსხვავებული შეფასებები აქვთ მმართველ პარტიაში. ირაკლი კობახიძისთვის თბილისში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ქუთაისში მომხდარ ფაქტზე საუბარი გაუგებარია.

ქუთაისში ორ პარტიას შორის დაპირისპირება რამდენიმე საათი, გვიან ღამემდე გაგრძელდა. ინციდენტისას არავინ დაშავებულა.

დღის ამბები