18 ნოემბერი 2024,   09:39
ვრცლად
პროცესი არის მართული და სასამართლოში მურუსიძე-ჩინჩალაძის ჩაბეტონებას ემსახურება - ანა დოლიძე

საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარის, ზაზა თავაძის გადაწყვეტილებას, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების შეფასება მოჰყვა.

ანა დოლიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს მიმართავს და მოუწოდებს, ზაზა თავაძის მაგალითით იხელმძღვანელონ და პროცესებს დროულად გამოეთიშონ.

ანა დოლიძის თქმით, ზაზა თავაძემ დროულად დაინახა, რომ საზოგადოებას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესებთან დაკავშირებით კითხვები აქვს.

"მე მინდა მივმართო ყველა კანდიდატს, რომელიც ამ სიაშია, მივმართო "ოცნების" დეპუტატებს, თუ არ უნდათ, რომ მათ ბიოგრაფიას მოეცხოს ის ლაქები, რომელიც ამ პროცესს ახლავს, რადგან ეს პროცესი თავიდან ბოლომდე არის მართული და ემსახურება სასამართლოში მურუსიძე-ჩინჩალაძის ჩაბეტონებას, იხელმძღვანელონ ზაზა თავაძის მაგალითით და დროზე გამოეთიშონ ამ პროცესს,“ - აცხადებს ანა დოლიძე.

ზაზა თავაძის გადაწყვეტილებას მიესალმება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კიდევ ერთი არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი.

"ეს განცხადება, რომ უარს ამბობს კანდიდატად პროცესში მონაწილეობაზე, არის სწორი ამ ეტაპისათვის და მე ვფიქრობ, რომ სხვებმაც უნდა მიბაძონ მას. იმედი მაქვს, აღმოჩნდება ამ სიაში თუნდაც რამდენიმე ისეთი ადამიანი, რომელიც მიბაძავს მას და გაიტანენ თავის განაცხადებს,“ - აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.

შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარე უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად მიმდინარე კონკურსში მონაწილეობაზე უარს ამბობს.

ზაზა თავაძე გადაწყვეტილებას იმ არგუმენტით ხსნის, რომ არ სურს მის ირგვლივ რაიმე კითხვა არსებობდეს. 

დღის ამბები