"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძეს ხელისუფლებასთან დიალოგის მეორე რაუნდის დაწყებამდე ოპტიმისტური განწყობა არ აქვს, თუმცა ოპოზიცია ხელისუფლებასთან შეხვედრაზე მისვლას მაინც გეგმავს.
"რომ გითხრათ, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი-მეთქი, მოვიტყუები. ოპოზიცია არ მისცემს იმის საშუალებას ე.წ. ხელისუფლებას, რომ დაგვაბრალოს ამ დიალოგის ჩაშლა. მომზადებული მივედით, პროპორციული არჩევნები არ უნდათ, ოპოზიციის მოდიფიცირებული წინადადება არ უნდათ, გვინდა გავიგოთ რა უნდათ, საერთოდ, რადგან ხომ გასაგებია, რომ საქართველოს მოქალაქე უბრალოდ არ მისცემს საშუალებას ამ ხერხით და "ღონისძიებებით", რომელსაც 14 დეკემბერს აპირებენ, ამ ხელისუფლებამ ოქტომბრამდე მიაღწიოს," - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებასა და გაერთიანებულ ოპოზიციას შორის დიალოგის მეორე რაუნდი დღეს, 18 საათზე, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" გაიმართება, სადაც ოპოზიციის მიერ შემოთავაზებულ საარჩევნო სისტემის "გერმანულ მოდელზე" იმსჯელებენ.
მოლაპარაკების პირველი რაუნდი 30 ნოემბერს, სასტუმრო "ბილტმორში" გაიმართა.