თბილისში რუსული კულტურის ცენტრის გახსნის წინააღმდეგ პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.
რუსული ენისა და კულტურის ცენტრის შექმნა საქართველოში - იდეა, რომელიც 2012 წლის შემდეგ არაერთი რუსი პოლიტიკოსის მიერ გამოითქვა, გრიგორი კარასინმა ზურაბ აბაშიძეს 28 ნოემბერს გამართულ ბოლო შეხვედრაზე უკვე გეგმის სახით შეახსენა. შეხვედრის შემდეგ, კარასინმა რუსულ მედიასთან დაასახელა დრო და ადგილიც - რუსეთის სავიზო ცენტრი თბილისში, დეკემბრის შუა რიცხვები. იმის მიუხედავად, რომ თარიღი ახლოვდება, პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში განმარტავს, რომ ასეთი გეგმის შესახებ ინფორმაცია, ამ ეტაპზე, არ დასტურდება.
კარასინის განცხადების გარდა, რუსული კულტურის ცენტრის გახსნის გეგმები სხვა დროს და სხვა სივრცეშიც განიხილებოდა. ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძის ინფორმაციით, მას მხოლოდ მიმდინარე წლის განმავლოაბაში ცენტრის ბიბლიოთეკაში გახსნა ორჯერ სთხოვეს, თუმცა უარი თქვა.
რუსული კულტურის ცენტრის თბილისში გახსნის გეგმების ფონზე მწვავეა გამოხმაურება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და ანალიტიკოსების მხრიდან. ქართველი ექსპერტების ნაწილი მსგავს ცენტრებს პირდაპირ ჯაშუშურ საფრთხედ მიიჩნევს. ნაწილი ბიბლიოთეკას ან ენის კურსებს აგენტების მუშაობის სივრცედ ნაკლებად განიხილავს, თუმცა აღნიშნავს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში არსებული პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით ცენტრის გახსნა მიუღებელია.
აიკრძალოს რუსული კულტურის ცენტრის გახსნა - ამ მოწოდებით თავისუფლების ინსტიტუტმა ონლაინ პეტიციაც შექმნა. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ პეტიციის მიზანია როგორც რუსეთის, ასევე საქართველოს ხელისუფლებას ქართველი ხალხის განწყობა ციფრებშიც დაანახონ. ამასთან, ორგანიზაცია კოლაბორაციონიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურებას გეგმავს და კონკრეტული ინიციატივებით გამოდის.
პროვოკაციების რისკი, რბილი ძალის გაძლიერება და საერთაშორისო ზეწოლის შესუსტების მცდელობა იმის ფასადურად წარმოჩენით, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების განმტკიცება ხდება - ეს არის სამი ძირითადი საფრთხე რომელიც რუსული კულტურის ცენტრის თბილისში გახსნის საწინააღმდეგოდ სახელდება. იმ შემთხვევაში, თუ კრემლი დეკემბრის შუა რიცხვებისთვის გეგმების სისრულეში მოყვანას შეეცდება, არასამთავრობო სექტორი აქტიური პროტესტისთვის ემზადება.