18 ნოემბერი 2024,   09:53
ვრცლად
მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები- დიპლომატებმა მხარეებს საარჩევნო სისტემის ახალი მოდელი შესთავაზეს

"ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ დიპლომატიურმა კორპუსმა ხელისუფლებას "გერმანული მოდელის" ცალკეული კომპონენტის განხილვა შესთავაზა, რაზეც "ქართულმა ოცნებამ" მოსაფიქრებლად დრო მოითხოვა. 

"დიპლომატების მხრიდან იყო შემოთავაზებული, რომ ცალკე განხილულიყო მრავალმანდატიანი მაჟორიტარული კომპონენტი. მინდა მოქალაქეებსაც ავუხსნა, აქამდე იყო 73 მაჟორიტარული ოლქი, სადაც თითოეული ადამიანი თითო ხმას აძლევდა თითო მაჟორიტარ დეპუტატს. მომავალში, ჩვენს მოდელში, სადაც არის 150 ადგილის პროპორციული გადანაწილება, მაჟორიტარული კომპონენტი იცვლება. შეიქმნება 10 მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქი. მაგალითად, მთლიანად სამეგრელოში იქნება 1 ოლქი და 7 საუკეთესო შედეგის მქონე მაჟორიტარი შევა პარლამენტში. ეს არის სიახლე, რომელიც ჩვენ მოვიფიქრეთ და რომელთანაც დაკავშირებით, "ქართულმა ოცნებამ" თქვა, რომ აქ ვერ ხედავს კონსტიტუციასთან წინააღმდეგობას და ისინი თავის ვერსიას შემოგვთავაზებენ,"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძის თქმით, დღის წესრიგიდან არ მოხსნილა საარჩევნო სისტემის "გერმანული მოდელის" საკითხიც. 

"ჩვენ მათ შევთავაზეთ, ეუთო/ოდირს რა დასკვნაც ექნება, იმის შესაბამისად ვიმოქმედოთ ყველა მხარემ. ვთქვათ, რომ ეს არის დამოუკიდებელი არბიტრი, რომელიც იტყვის, შესაბამისობაშია თუ არ არის შესაბამისობაში. მაგრამ, მათ ამაზე დესტრუქციულად თქვეს "არა",- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

საერთო ჯამში, გიორგი ვაშაძემ შეხვედრა წარმატებულად შეაფასა. მისი თქმით, პროტესტი აუცილებლად გაგრძელდება და აუცილებლად იქნება ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მესამე რაუნდიც, სადაც სწორედ დიპლომატიური კორპუსის მიერ შემოთავაზებულ მრავამანდატიან მაჟორიტარულ ოლქებზე იმსჯელებენ.

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციის შორის დიალოგის მეორე რაუნდი ცოტა ხნის წინ დასრულდა.

დღის ამბები