15 წლის ლუკა სირაძის ცხედარი დიდუბის ეკლესიიდან რამდენიმე წუთის წინ გამოასვენეს, მას ზღვის სასაფლაოზე დაკრძალავენ. მოზარდი 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა, იმავე დღეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საქმის გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავა, რომელსაც ბრალად ჩვენების მიცემის იძულება ედება.
ლუკა სირაძის დაკრძალვაზე, ოპოზიციის წარმომადგენლებიც მივიდნენ.
"ამ საშინელი და შემზარავი ტრაგედიის გამო, საზოგადოებამ მძიმე დარტყმა მიიღო. ბოლო დღეებში ამ ქვეყანაში კატასტროფა ხდება. დადგა დრო გავერთიანდეთ ერთი რამის გამო, ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ იმ საძაგელი სისტემის არსებობა, რომელიც ადამიანებს კლავს, ახალგაზრდებს თვითმკვლელობისკენ უბიძგებს და ვერ იცავს ადამიანების უსაფრთხოებას, სადაც პოლიციელიც კი დაუცველია," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.