18 ნოემბერი 2024,   09:47
ვრცლად
"გამოიყოს კულტურის სამინისტრო დამოუკიდებელ უწყებად" - "დამოუკიდებელი დეპუტატები" ხელოვანების მოთხოვნას მხარს უჭერენ  

უნდა მოხდეს თუ არა ორი უწყების, კულტურისა და განათლების სამინისტროების გაყოფა ისევ - ხელოვანები კულტურის სფეროს პრიორიტეტად გამოცხადებასა და სამინისტროს დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბებას ითხოვენ. გაერთიანებული უწყების ხელმეორედ გაყოფას პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები მხარს უჭერენ და აცხადებენ, რომ ოპტიმიზაციის დროს ამ გაერთიანებას ეწინააღმდეგებოდნენ. 

პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარე, მარიამ ჯაში ამბობს, რომ გაერთიანების შემდეგ, უწყებაში როგორც დამატებითი ბიუროკრატიული პრობლემები, ასევე შეიქმნა ბარიერები ხელოვანებისთვის. 

"ის დამატებითი ბიუროკრატიული ბარიერები, რომელიც შეიქმნა გაერთიანებულ უწყებაში იყო აბსოლუტურად მოსალოდნელი. ამდენად, ერთადერთი დადებითი მხარე, რაც მივიღეთ უწყებების გაერთიანების შემდგომ, გახლავთ სახელოვნებო განათლების კოორდინაციის გაუმჯობესება, სხვა ყველა მიმართულებით, პრაქტიკულად, გაერთიანებულმა უწყებამ შექმნა დამატებითი ბარიერები ჩვენი ხელოვანებისთვის," - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარის მოადგილე, ლევან კობერიძე ამბობს, რომ იმ დროს, როდესაც სამინისტროების გაერთიანება ხდებოდა, ამ თემასთან დაკავშირებით, კითხვები ჰქონდა.  

"მე იმაზეც თანახმა ვარ, რომ სამინისტრო იყოს გაყოფილი, ერთის მაგივრად წარმოიქმნას ორი სამინისტრო, ოღონდ, თუკი დავინახავთ, რა მიზანს ემსახურება ეს ყველაფერი. სამწუხაროდ, ძალიან ხშირად, მხოლოდ პიროვნებებზე ხდება ხოლმე მორგება, როგორ ვხედავ ამ გადაწყვეტილებების," - აცხადებს ლევან კობერიძე.

კულტურის სფეროს წარმომადგენლების მოთხოვნას ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. გიორგი ვოლსკი მიიჩნევს, რომ მხოლოდ სამინისტროს გამოყოფა, კულტურის დარგის გაძლიერების საწინდარი ვერ იქნება. 

"დარგს უნდა ჰყავდეს ხელმძღვანელი, შეიძლება ეს იყოს გამსხვილებული სამინისტროს ფორმატში და შეიძლება იყოს ცალკე.  რეალურად, სახელმწიფო  საბიუჯეტო დანახარჯების გარეშე, რასაკვირველია, უფრო ეფექტური იყო სამინისტრო. თუმცა, მე არ მგონია, რომ ეს არის პანაცეა. მხოლოდ სამინისტროს გამოყოფა, ვერანაირად ვერ იქნება კულტურის დარგის გამაძლიერებელი," - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

 

დღის ამბები