18 ნოემბერი 2024,   09:56
ვრცლად
84-ტოტიანი და 304848 € -იანი ნაძვის ხე - ოპოზიციის კრიტიკა და თბილისის მთავრობის პასუხი

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე ოპოზიციისა და საზოგადოების ნაწილის მხრიდან კრიტიკის სამიზნე გახდა. მათი შეფასებით, ნაძვის ხე ვერ ამართლებს იმ ფასს, რაც მასში იქნა გადახდილი. საკრებულოს წევრი  "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ლილე ლიპარტელიანი სავარაუდო კორუფციულ გარიგებებზე საუბრობს, რომელიც მისი თქმით,  კახა კალაძეს შესაძლოა იტალიურ კომპანია IDO SRL-თან ქონდეს:

"84 ტოტისგან შემდგარი 20 მეტრიან ნაძვის ხეში გადავიხადეთ თბილისის ბიუჯეტიდან, ხალხის ჯიბიდან 1,089 მილიონი ლარი და ჯამში მივიღეთ რაღაც რკინის კონსტრუქცია, რომელიც ისე აშკარად ჩანს, რომ ვერაფერი ვერ მალავს. გაპუტული ნაძვის ხე თუ ტრენდია, მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში მსგავსი ტრენდული არაფერია. სავარაუდოდ მართლდება ჩვენი ეჭვები, რაც იყო 2017 წლიდან მოყოლებული, რომ კორუფციულ გარიგებაში იმყოფება "დოლაინთან" და ფაქტიურად უკონკურენტო გარემოში ტენდერებს აგებინებს" -  აცხადებს ლილე ლიპარტელიანი.

რადიკალური განცხადებების გაკეთებისგან თავს იკავებს "ქართული ოცნების" ყოფილი წევრი, საკრებულოს დეპუტატი ვატო შაქარაშვილი, თუმცა ამბობს, რომ როდესაც ქალაქში უამრავი პრობლემაა თანხები რაციონალურად უნდა იხარჯებოდეს:

"სწორია ის მითითება, რომ როდესაც ქალაქში არის უამრავი პრობლემა და კონკრეტული ადამიანების გაჭირვება, თანხები, რომელიც ხმარდება გასართობ ღონისძიებებს, რა თქმა უნდა ესეც საჭიროა, ესეც უნდა კეთდებოდეს, მაგრამ რაციონალურად და შედეგი უნდა იყოს თანხის ადეკვატური. ესთეტიურ და ვიზუალურ მხარეზე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ზოგს მოწონს, ზოგს არ მოწონს, ყოველ შემთხვევაში ისტერია, რომელიც ამას მოჰყვა გარკვეული ადამიანების მხრიდან, ამ ისტერიის საფუძველს ვერ ვხედავ,"- განაცხადა ვატო შაქარაშვილმა.

თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია, საახალწლო ნაძვის ხეზე და განათებებზე დახარჯულ თანხებს იმით ხსნის, რომ თბილისი ტურისტებისთვის მიმზიდველი უნდა იყოს:

"ერთია რომ ქალაქს სჭირდება საახალწლო განწყობის შექმნა და განათება, ქალაქია და თავმოყვარეობა გვაქვს, მეორეა, რომ ტურისტულად უნდა იყოს მიმზიდველი. თბილისი პოზიციონირებს როგორც ტურისტული ქალაქი და ახალ წელს თუ არაფერს გააკეთებ, ტურისტი არ ჩამოვა,"- განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად ნაძვის ხის შესყიდვის ფასი 304848 ევროა. მოთხოვნებში კი წერია, რომ ნაძვის ხის ტანზე (4 სეგმენტი) უნდა იყოს განთავსებული 84 ცალი ტოტი, რომელიც უნდა შედგებოდეს არანაკლებ 3000 ცალი მცირე ზომის მწვანე გირლიანდა-წიწვისგან.

 

ავტორი: ლელა ჯავახიშვილი

დღის ამბები