18 ნოემბერი 2024,   09:46
ვრცლად
"ნუ გამოიყვანთ პარლამენტის წინ თქვენს შვილებს" - მაჩალიკაშვილი კარვების დაშლის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება

მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის წინ კარვების დაშლის ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და საზოგადოებას მოუწოდა, თავიანთი შვილები პარლამენტის წინ საახალწლოდ გასართობად არ გაიყვანონ.

"განსხვავებით ქოცური თანამდეობის პირებისა, ბავშვები ძალიან მიყვარს და მათი გულისთვის ვიბრძვი. ვიცი თემირლანს არავინ და ვერავინ დამიბრუნებს, მაგრამ ამ გაუსაძლის პირობებში, როგორც დაჭრილი მხეცი კუთხეში მიმწყვდეული, მაინც ვცდილობ თქვენი შვილებისთვის ვიბრძოლო, რომ ისინი უსაფრთხოდ იყვნენ საწოლში მძინარეც და გარეთ ქუჩებშიც.

ჩემი თხოვნა იქნება, თბილისი დიდია, არის საახალწლო სოფელიც, ნუ გამოიყვანთ პარლამენტის წინ თქვენს შვილებს. მესამე ახალ წელს ქუჩაში იმის მოთხოვნით ვდგავარ, რომ მითხრან თემირლანის მკვლელი ვინ არის. არ არის იქ ბავშვებისთვის საზეიმო ადგილი. ამ ყველაფერს დღევანდელი სისხლიანი ხელისუფლება ბავშვების ინტერესების გამო არ აკეთებს. ისინი ჩემზე შურისძიებას ცდილობენ. არ აქვთ ამათ ბავშვების დარდი. დიდი პატივისცემით მალხაზ (ვახა) მაჩალიკაშვილი," - აღნიშნავს მალხაზ მაჩალიკაშვილი ფეისბუქ-პოსტში.

 

დღის ამბები