იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები 2019 წლის მთავარ გამოწვევად სასამართლო სისტემაში ე.წ. კლანურ მმართველობას ასახელებენ.
საბჭოს არამოსამართლე წევრებისთვის, განვლილი წლის მთავარი მიღწევა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების მოსმენის პირდაპირ ეთერში ტრანსლაცია და ამ პროცესის გამჭვირვალობაა.
ანა დოლიძე აღნიშნავს, რომ მოსახლეობამ სასამართლო სისტემაში არსებული მწვავე პრობლემები წელს კიდევ უფრო მწვავედ დაინახა.
"ათკაციანი სია წარადგინა იუსტიციის საბჭომ წლის დასაწყისში, შემდეგ იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გასაუბრებები და ჩვენი ბრძოლის შედეგად მოხდა ისე, რომ ლაივში გადაიცემოდა მათი გასაუბრება. პატარ-პატარა გამარჯვებებში ვხედავთ, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი," - განაცხადა ანა დოლიძემ.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი კი აღნიშნავს, რომ სასამართლოში უამრავი ხარვეზია და ე.წ. კლანური მმართველობა სისტემის ყველაზე დიდი პრობლემაა.
"პრობლემები არ აღმოფხვრილა. ამწუხაროდ სასამართლო სისტემაში ყველაზე დიდი პრობლემაა კლანური მმართველობა. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ სასამართლოში უამრავი ხარვეზია. ის მზაობა კი, რაც ჩვენ გვაქვს იმის მანიშნებელია, რომ მომავალში ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმევა,"- განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.