18 ნოემბერი 2024,   13:22
ვრცლად
ვთავაზობთ დეიზოლაციას და ჩვენთან ერთად სვლას ევროპისკენ, ეს არის ჩვენი პასუხი მავთულხლართებზე - ზალკალიანი

პერევი-ქარზმანის ე.წ გამშვები პუნქტის რამდენიმედღიანი ჩაკეტვის შემდეგ გაიხსნა, თუმცა კვლავ ჩაკეტილი რჩება ახალგორის ე,წ გადასასვლელები. საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორის ე,წ გადასასვლელების გახსნისთვის საქართველოს ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა და ჩორჩანას ტერიტორიაზე ქართული პოლიციის საგუშაგოს აღება მოითხოვა. 

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, საქართველოს ხელისუფლების პასუხი ხელოვნურ ბარიერებზე და მავთულხლართებზე არის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებლებისთვის, იმ სიკეთეების და შესაძლებლობების შეთავაზება, რითი სარგებლობაც საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ:

"საოკუპაციო რეჟიმი ხშირად მიმართავს მსგავს ზომებს საზეიმო დღეების განმავლობაში და არა მხოლოდ. ცხინვალთან მიმართებაში თითქმის მუდმივად შეზღუდულია თავისუფალი გადაადგილების უფლება, რაც არის საერთაშორისო სამართლის ნორმების, პრინციპების უხეში დარღვევა, ჩვენი პასუხი ამ ხელოვნურ ბარიერებზე და მავთულხლართებზე არის მაქსიმალურად გაზიარება იმ სიკეთეების იმ ადამიანებისთვის, ჩვენი ძმების და დებისთვის, რომლებიც ოკუპირებული ხაზის მეორე მხარეს ცხოვრობენ, იმ სიკეთეების, რაც გვაქვს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა, განათლება ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტებში, ჩვენ ვთავაზობთ მათ თავისუფალ გადაადგილებას, სავიზო ლიბერალიზაციას, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები სარგებლობენ, მათთვისაც არის შესაძლებელი. ჩვენ ვთავაზობთ მათ დეიზოლაციას იმ ძალისგან, რომელიც ახორციელებს ამ ტერიტორიების ეფექტურ კონტროლს და ჩვენ ვთავაზობთ მათ ჩვენთან ერთად ევროპისკენ სვლას, ეს არის ჩვენი პასუხი ამ ხელოვნურ ბარიერებზე და მავთულხლართებზე," - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დღის ამბები