"ქართული ოცნების" წევრი, გია ვოლსკი, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებისთვის ოპოზიციის გაგზავნილ წერილს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "სიცრუეა ყველაფერი, რასაც ისინი წერილში წერენ".
მისი თქმით, ამ წერილის ავტორებს წერილი ავტორები ცდილობენ, გადაფარონ საკუთარი "მავნებლური ქმედებები" და მის შეფუთვას "ვითომდა სერიოზული აქტივობებით" ცდილობენ.
"დღეს ამ ადამიანების მთავარი ამოცანა არის, როგორმე შეცდომაში შეიყვანოს მთელი კაცობრიობა. ამოცანად ისევ რჩება რევოლუციური პროცესის განვითარება, დესტაბილიზაცია, მავნებლობა. საზოგადოებაში მათი წონა აბსოლუტურად დაიკარგა. ეს არის ადამიანების ჯგუფი, რომლებიც სერიოზულად გეგმავს საქართველოს ისეთ გზაზე გაყვანას, რომელიც აუცილებლად მიიყვანს მას ნგრევამდე. მავნებლობა იმდენად დიდია, რომ ეს აუცილებლად უნდა შეიფუთოს რაღაც ვითომდა სერიოზული აქტივობებით საერთაშორისო ასპარეზზე და ეს წერილიც სწორედ ამისკენაა მიმართული.
ასევე, ვიღაცა უნდა დარწმუნდეს იმაში, რომ არ შეიძლება 4 პარტიულ სუბიექტში გაერთიანებულმა ამდენმა პოლიტიკურმა პარტიამ და პრეზიდენტმა კიდევ ტყუილი თქვას და იცრუოს. ამ დროს, სრული სიცრუეა ყველაფერი, რასაც ისინი წერილში წერენ. ამასთან, არ არსებობს არცერთი ფაქტი, რომელიც ადასტურებს არჩევნების გაყალბებას," - აცხადებს გია ვოლსკი.
შეგახსენებთ, რომ პარტიებმა, რომლებმაც საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი გადალახეს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს წერილი გაუგზავნეს.
საბჭოს დღეისთვის დაგეგმილი სხდომის დაწყებამდე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები წევრებს მიმართავენ - არჩევნებს თაღლითურს უწოდებენ, აცხადებენ, რომ, მისი აღიარებით, საქართველო ავტოკრატიული ქვეყანა გახდება, მოუწოდებენ ევროკავშირს, გამოგზავნოს სპეციალური მისია, რომელიც გამოიძიებს არჩევნებს, ასევე ითხოვენ, რომ ევროკავშირმა მოუწოდოს საქართველოს ხელისუფლებას, არ ჩაატაროს ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა და დააფიქსიროს პოზიცია, რომ საკანონმდებლო ორგანოს არ ექნება ლეგიტიმაცია.
მოწოდებებს შორისაა, ევროკავშირმა შეაჩეროს საქართველოსთან ყველა დონეზე ურთიერთობა. მათ შორის, გადადოს საქართველო-ევროკავშირის ასოცირებული საბჭოს შეხვედრები.