ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან წერილის გაგზავნასთან დაკავშირებით, ოპოზიციაში კომენტარები გაკეთდა. კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია აცხადებს, რომ ამ წერილის გაგზავნასთან დაკავშირებით დასამალი არაფერია და ეს მხოლოდ პოზიციის დაფიქსირებაა არჩევნებთან დაკავშირებით.
"მე ვფიქრობ, არაფერი დასამალი აქ არ არის - ის, რომ არჩევნები გაყალბდა, რომ ოპოზიციური პარტიები და არამხოლოდ ვირჩევთ ახალ არჩევნებს, ვინაიდან გაყალბება იყო სისტემური და ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა ფორმატში ხდება პოზიციების დაფიქსირება ოპოზიციური პარტიების მხრიდან, ეს ხომ არ არის გასაკვირი?! თუკი რამე შავდება, შავდება ხელისუფლების მხრიდან", - აცხადებს ნიკა მელია.
"საქართველოსთვის" წევრი თეონა აქუბარდია კი ამბობს, რომ "ქართულ ოცნებას" უნდა ჰქონდეს კონკრეტული პასუხისმგებლობა იმაზე, რაც "საქართველოში ჩაიდინა".
"მნიშვნელოვანია ის, რომ კონკრეტული პასუხისმგებლობა ჰქონდეს "ქართულ ოცნებას იმაზე, რაც მან საქართველოში ჩაიდინა და არჩევანის თავისუფლება როგორ მოჰპარა ქართველ ხალხს. მათ შორის ის, რომ ევროკავშირის მხრიდან შეჩერებულია ურთიერთობა საქართველოს მთავრობასთან და დაფინანსება შეწყვეტილია, ეს არის რეალობა. მნიშვნელოვანია, რომ ეს დაფინანსება, ისევე როგორც მხარდაჭერა, სამოქალაქო სექტორის და კრიტიკული მედიის გასაძლიერებლად მოხდეს და,ს აბოლოო ჯამში, ჩვენ შევძლოთ ახალი არჩევნების გზით ამ ქვეყნის დემოკრატიისა და ევროპული მომავლის გზაზე დაბრუნება", - აცხადებს თეონა აქუბარდია.
შეგახსენებთ, რომ პარტიებმა, რომლებმაც საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი გადალახეს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს წერილი გაუგზავნეს.
საბჭოს დღეისთვის დაგეგმილი სხდომის დაწყებამდე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები წევრებს მიმართავენ - არჩევნებს თაღლითურს უწოდებენ, აცხადებენ, რომ, მისი აღიარებით, საქართველო ავტოკრატიული ქვეყანა გახდება, მოუწოდებენ ევროკავშირს, გამოგზავნოს სპეციალური მისია, რომელიც გამოიძიებს არჩევნებს, ასევე ითხოვენ, რომ ევროკავშირმა მოუწოდოს საქართველოს ხელისუფლებას, არ ჩაატაროს ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა და დააფიქსიროს პოზიცია, რომ საკანონმდებლო ორგანოს არ ექნება ლეგიტიმაცია.
მოწოდებებს შორისაა, ევროკავშირმა შეაჩეროს საქართველოსთან ყველა დონეზე ურთიერთობა. მათ შორის, გადადოს საქართველო-ევროკავშირის ასოცირებული საბჭოს შეხვედრები.