კოალიცია "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, თინა ბოკუჩავა ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შესახვედრად ემზადება.
მისი თქმით, ამ შეხვედრის ერთ-ერთი მიზანი არჩევნების გაყალბების საკითხზე საერთაშორისო საგამოძიებო მისიის მოთხოვნაა.
"ვიმყოფები ბრიუსელში, რათა შევხვდე ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს, რომლებიც სულ რამდენიმე საათში შეიკრიბებიან იმისთვის, რომ საქართველოზე იმსჯელონ. ჩვენი მიზანია, რომ არაღიარების პოლიტიკა შევინარჩუნოთ და, ასევე, მივიღოთ ევროკავშირის ეგიდით ფორმირებული საერთაშორისო გამოძიების მისია, რომელიც შეისწავლის გაყალბების მასშტაბებს და მხოლოდ შემდეგ მოხდება ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, როგორიცაა ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა, რომელსაც ჩაატარებს დამოუკიდებელი, კეთილსინდისიერი საარჩევნო ადმინისტრაცია და ამით დაბრუნდება საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში", - აცხადებს ბოკუჩავა.
შეგახსენებთ, რომ პარტიებმა, რომლებმაც საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი გადალახეს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს წერილი გაუგზავნეს.
საბჭოს დღეისთვის დაგეგმილი სხდომის დაწყებამდე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები წევრებს მიმართავენ - არჩევნებს თაღლითურს უწოდებენ, აცხადებენ, რომ, მისი აღიარებით, საქართველო ავტოკრატიული ქვეყანა გახდება, მოუწოდებენ ევროკავშირს, გამოგზავნოს სპეციალური მისია, რომელიც გამოიძიებს არჩევნებს, ასევე ითხოვენ, რომ ევროკავშირმა მოუწოდოს საქართველოს ხელისუფლებას, არ ჩაატაროს ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა და დააფიქსიროს პოზიცია, რომ საკანონმდებლო ორგანოს არ ექნება ლეგიტიმაცია.
მოწოდებებს შორისაა, ევროკავშირმა შეაჩეროს საქართველოსთან ყველა დონეზე ურთიერთობა. მათ შორის, გადადოს საქართველო-ევროკავშირის ასოცირებული საბჭოს შეხვედრები.