ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიზანში 52 ირანული ობიექტი უკვე ამოიღო. საგანგაშო ინფორმაცია პირადად აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაავრცელა. წითელი დროშაა აღმართული ირანშიც, რაც იმის ნიშანია, რომ გენერლის ყასემ სოლეიმანის მკვლელობის გამო შურს იძიებენ.
ვითარების უკიდურესად გამწვავების გამო გაეროსა და ევროკავშირში მოლაპარაკებები იმართება. ევროპის ქვეყნები დიალოგს ემხრობიან და მხარეებს მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდებენ. მაშინ როდესაც პოლიტიკოსები მოლაპარაკებებს მართავენ, აქციებია შტატების დიდ ქალაქებში. ამერიკელი დემონსტრანტები ირანელი გენერლის მკვლელობას გმობენ
"ირანი თუ შურს იძიებს, ამერიკის შეერთებული შტატების პასუხი სწრაფი და ძლიერი იქნება" - ამის შესახებ დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს. თეთრი სახლის ლიდერი განმარტავს, რომ შტატებმა თავდაცვის სფეროში 2 ტრილიონი დოლარი დახარჯა და ამერიკის ჯარი მსოფლიოში ნომერ პირველია. ტრამპი თეირანს უფრო მკაცრი საპასუხო ზომებით ემუქრება.
"ირანი მკაფიოდ და ხაზგასმით საუბრობს, რომ მზადაა, დაარტყას კონკრეტულ ამერიკულ ობიექტებს და ეს შურისძიების მიზნით გააკეთოს, რადგან მსოფლიოს ტერორისტების ლიდერი მოვაშორეთ. მან არაერთი ადამიანი მოკლა, მათ შორის, ირანელი დემონსტრანტები. ის თავს ესხმოდა ჩვენს საელჩოს და დამატებით დარტყმებს სხვაგანაც ამზადებდა. ირანი მრავალი წლის განმავლობაში მხოლოდ პრობლემებს ქმნის. ეს უნდა იყოს გაფრთხილება, რომ თუ ირანი დაარტყამს რომელიმე ამერიკელს ან ამერიკულ ობიექტებს, ჩვენ უკვე ამოვიღეთ მიზანში 52 ირანული ობიექტი. ამ სამიზნეების ნაწილი ირანისთვის და ირანული კულტურისთვის მნიშვნელოვანია. აშშ-ს მეტი მუქარის მოსმენა აღარ სურს," - აღნიშნა ტრამპმა.
მუქარებისა და მკაცრი რიტორიკის ფონზე, რომელიც როგორც თეირანში, ისე ვაშინგტონში ისმის, გერმანია მზადაა მედიატორის როლის შეასრულოს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაიკო მაასი განმარტავს, რომ ბერლინი ირანთან პირდაპირი დიალოგის მომხრეა.
ვითარების განმუხტვის მიზნით კი მოლაპარაკება უკვე დაწყებულია შტატების სახელმწიფო მდივანთან. განმარტებებს აკეთებს მაიკ პომპეოც, რომელიც ამერიკულ მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ ირანელი გენერალი ქასემ სოლეიმანი ამერიკელების დახოცვას აპირებდა. სოლიემანის წინააღმდეგ დაგეგმილი სპეოპერაციის შესახებ კი ინფორმაცია წინასწარ ევროპასაც მიაწოდეს.
"რაც მოვისმინე, პრეზიდენტ ტრამპის კრიტიკაა, რაც უცნაურად მიმაჩნია. მაგრამ კრიტიკა იმის შესახებ, რომ არ არსებობს შემდგომი სტრატეგია, ნებაყოფლობითი სიბრმავეა. არსებობს ღრმა სტრატეგია და მისი ცენტრალური ნაწილი არის კოალიცია, რომელშიც საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნები და ისრაელი შედიან. ირანი პრობლემაა რეგიონში. ვისურვებდი, ევროპული ქვეყნები მეტად დაგვხმარებოდნენ. ბრიტანელებმა, ფრანგებმა, გერმანელებმა, ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ ამერიკამ ევროპაც იხსნა," - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ.
"მაიკ პომპეო ამპარტავანი ჯამბაზია" - ასე აფასებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ირანელი კოლეგა. ირკვევა ისიც, რომ ჯავად ზარიფი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ტელეფონით ესაუბრა. ზარიფი და ლავროვი ვაშინგტონს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევაში ადანაშაულებენ.
"ამპარტავანმა ჯამბაზმა, რომელიც თავს დიპლომატად ასაღებს განაცხადა, რომ ერაყში ხალხი ცეკვავს. ასობით ათასმა ერაყელმა ძმამ და დამ მას პასუხი გასცა. დასავლეთ აზიაში ამერიკის მტრული ყოფნის დასასრულის დროა," - აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარფიმ.
"სიკვდილი ამერიკას" - ანტიამეტიკული სლოგანები ისმის ირანში, სადაც მოკლულ გენერალს გლოვობენ. ქასემ სოლეიმანი სულიერი ლიდერის აიათოლა ალი ჰამენეის შემდეგ მეორე ყველაზე გავლენიანი ადამიანი და ბევრი ირანელისთვის კულტი იყო, რომელიც წლების განმავლობაში თავისი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის არქიტექტორად მიიჩნეოდა. შიიტების წმინდა ქალაქ ყუმში მდებარე მეჩეთზე წითელი დროშა აღმართეს, რაც სიმბოლურად ნიშნავს, რომ ირანი სოლეიმანის სახელით შურისძიებისთვის მზადაა.
"ეს საშინელი საქციელი, რომელიც ამერიკულმა თვითმფრინავებმა ჩაიდინეს, რაც ასევე ერაყის სუვერენიტეტის დარღვევაა. სამიზნე ირანელი გენერალი იყო, რომელმაც დაეშის წინააღმდეგ ბრძოლაში უდიდესი როლი შეასრულა," – განაცხადა აქციის მონაწილემ მუჰანდ ალ იასირიმ.
ავტორი: მაია შამანაური