სამოქალაქო მოძრაობა "გაბედეს" და "შეცვალეს" წარმომადგენლებმა საკრებულოსთან ცარიელი ნაგვის ურნა მიიტანეს, რომელიც საკრებულოს მთავარ შესასვლელთან დატოვეს და ოპონენტებს მიმართეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ დაიცავენ კანონს, პოლიტიკურ სანაგვეზე მოხვდებიან.
საკრებულოსთან ვითარება სტაბილურია. იყო მცირე შეკამათება საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებთან, თუმცა სიტუაცია მალევე განიმუხტა. აქციის მონაწლეებისგან ისმის შეძახილები "მონებო."
ადგილზე იმყოფება "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ზაალ უდუმაშვილიც, რომლის თქმითაც, პარტიის წარმომადგენლებს მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ტყემალაძესთან შეხვედრა სურდათ და ამის საშუალება არ მიეცათ.
"ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ჩვენი პარტიის როგორც საკრებულოს, ასევე პარლამენტის დეპუტატები შეხვედროდნენ ბატონ ტყემალაძეს და მისგან მოესმინათ უშუალოდ, თუ რას უპირებს იმ დეპუტატებს, რომლებიც რამდენიმე დღის წინ ჩვენს თანამებრძოლს, ლევან ხაბეიშვილს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ჩვენ კარგად ვნახეთ, რომ ხაბეიშვილი ყოველდღე დადის გამოკითხვაზე პოლიციაში, და არცერთი ის ზონდერი დეპუტატი ჯერ არ დაუბარებიათ, რომელიც მონაწილეობდა უშუალოდ ამ თავდასხმაში.
პასუხი არ აქვთ, რატომ არ გვიშვებენ. ქვეყანა ივანიშვილმა, პრაქტიკულად დალუქა, შიგნიდან ჩაკეტა და იზოლაციაში მოაქცია საკუთარი ჩინოვნიკები. ჩემზე არაა საუბარი, ჩემზე საშვი იყო დაშვებული და არ შემიშვეს, მაგრამ პარლამენტის დეპუტატს, რომელსაც ნებისმიერ საჯარო დაწესებულებაში სრული თავისუფლება აქვს გადაადგილების, მასაც კი არ უშვებენ. ეს არის "ქართული ოცნება," შიგნიდან გამოკეტილი და ხალხისგან იზოლირებული,"- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 24 იანვარს საკრებულოს სპორტის, განათლებისა და სარევიზიო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვიერი კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილს სცემეს. ხაბეიშვილმა თავის არეში დაზიანებები მიიღო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დეპუტატის ცემის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
ავტორი: დავით ცაგარელი