18 ნოემბერი 2024,   13:20
ვრცლად
არჩილ თალაკვაძის განცხადებამ, რომ მთავრობამ პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა მუხტის ჩასახშობად მიიღო, ოპოზიცია გააღიზიანა

"პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება პარტიის თავმჯდომარემ, სიტუაციის განსამუხტად და  საპროტესტო მუხტის ჩასახშობად მიიღო" - პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ამ განცხადებას, ოპოზიციის მხრიდან გაღიზიანება და დაპირისპირება მოჰყვა. 

სწორედ ამ საკითხზე სამსჯელოდ, "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციის მორიგი შეხვედრა იწყება. ამასთან ერთად კი, კონსულტაციების მთავარი თემა, სამომავლო გეგმებია.

ოპოზიცია საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე ახალ აქციებს აანონსებს. პარალელურად კი ეუთო- ოდირის დასკვნას ელოდება.

"პარლამენტის თავმჯდომარე აღიარებს იმას, რომ ივანიშვილმა ხალხი გამიზნულად მოატყუა. აქამდე გვეგონა, რომ 20 ივნისის შემდეგ ივანიშვილს რაღაც სხივებით გაუნათდა გონება, დაინახა ხალხის რისხვა და სწორედ ამიტომ შესთავაზა მათ პროპორციული ნულოვანი ბარიერი. ხოლო, თალაკვაძის ვერსიით, ეს ყველაფერი თავიდანვე ჩაფიქრებული მზაკვრული ტყუილი იყო, რაც კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აყენებს პირადად, მას," - აღნიშნა "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" გენერალურმა მდივანმა, გიგი უგულავამ. 

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით კი, არჩილ თალაკვაძემ მათი უმსგავსო საქციელის გამართლება როგორმე უნდა შეძლოს. 

"თალაკვაძემ როგორმე უნდა ახსნას, როგორ მოხდა ხელისუფლებისგან საქართველოს მოქალაქისთვის მორალური და პოლიტიკური ვალდებულების გამოგლეჯა პროპორციულ არჩევნებზე და შემდეგ, იმ უმსგავსო საქციელის გამართლება, რომელიც ამ ვალდებულების უკან წაღება იყო, რამაც საქართველოს საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ჩვენი მოკავშირეების განრისხება გამოიწვია," - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ. 

აღსანიშნავია, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ, ერთ-ერთ სატელევიზო გადაცემაში განაცხადა, რომ ხელისუფლებამ 20 ივნისის მოვლენების დროს, გადაწყვეტილება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ იმ მიზნით მიიღო, რომ სიტუაცია განმუხტულიყო. თუმცა, მისივე განცხადებით, სიტუაციის განმუხტვა ვერ მოხდა, რაც ოპოზიციის დესტრუქციულმა ქმედებებმა განაპირობა.

 

დღის ამბები