22 დეკემბერი 2024,   15:12
ვრცლად
"გარწმუნებთ, რომ ჩვენ ვიქნებით უაღრესად აქტიურები, ეფექტურები" - გახარია სენატორების წერილზე

ამერიკელი სენატორების წერილს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გამოეხმაურა.

მან აღნიშნა, რომ საქართველოსა და აშშ-ის შორის ორმხრივი პარტნიორობა უცვლელია. მისი შეფასებით, მწვავე წერილების მთავრობას არ ეშინია

"ჩვენ არასოდეს არ შეგვშინებია მწვავე შეკითხვების. ყოველთვის მზად ვიყავით მწვავე შეკითხვებზე შესაბამისი პასუხები გაგვეცა. არ დავიწყებ გარჩევას, სხვადასხვა წერილები იყო, სხვადასხვა აქცენტით. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ გუშინ საქართველოში ჩამობრძანდა აშშ-ს ახალი ელჩი. უახლოეს პერიოდში პარლამენტის დელეგაცია გაემგზავრება ამერიკაში. გარწმუნებთ, რომ ჩვენ ვიქნებით უაღრესად აქტიურები, ეფექტურები და ამასთან ერთად, ობიექტურებიც, ყველაფერ იმასთან დაკავშირებით, რის გამოც ახლა ჟრიამულს ვტეხავთ," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

კონგრესმენების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებას ამჯერად სენატორები მიმართავენ. კრიტიკასთან ერთად წერილში ამერიკელი პოლიტიკოსები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებენ - თუ ქვეყანა დემოკრატიულ პრინციპებს არ დაიცავს, შესაძლოა, ამერიკა-საქართველოს პარტნიორობა გადაიხედოს.

გიორგი გახარიას სახელზე გამოგზავნილ წერილს ხელს აწერენ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი ჯეიმს რიში და ამავე კომიტეტის წევრი, დემოკრატი ჯინა შაჰინი.

წერილში ნათქვამია, რომ პროპორციული საარჩევნო რეფორმის ჩაგდება და მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივი ფორმით ჩახშობა დემოკრატიის დასუსტებაზე მიუთითებს. სენატორები ოპოზიციის ლიდერებზე თავდასხმის ფაქტებზეც წერენ. გამოთქვამენ შეშფოთებას უზენაესი სასამართლოს მუდმივი მოსამართლეების კვალიფიკაციაზე და თვლიან, რომ ქვეყანაში რეფორმების შეფერხება და შიდა დაძაბულობის ზრდა რუსეთს საქართველოს საქმეებში მეტად ჩარევის საშუალებას აძლევს.

დღის ამბები