11 მაისი 2024,   21:05
ვრცლად
გადაწყვეტილების მიღება კონკურსში მონაწილეობაზე მარტივი არ იყო - ირაკლი შოთაძეს საპროკურორო საბჭოში უსმენენ

ამ წუთებში საპროკურორო საბჭოში ირაკლი შოთაძეს უსმენენ. გენერალური პროკურორობის კანდიდატთან გასაუბრება სოციალურ ქსელით პირდაპირი ეთერით გადაიცემა.

ირაკლი შოთაძის შემდეგ საპროკურორო საბჭო კიდევ ერთ კანდიდატს, გელა ჩივაძეს მოუსმენს. დღევანდელ სხდომას საბჭოს ოპოზიციონერი წევრი, დეპუტატი ოთო კახიძეც ესწრება.

მოსმენის დაწყებამდე შოთაძემ მედიასთან კომენტარი არ გააკეთა. საპროკურორო საბჭოში გასაუბრებისას კი გენერალური პროკურორობის კანდიდატმა განაცხადა, რომ მისთვის კონკურსში მონაწილეობა დიდი პასუხისმგებლობაა.

ირაკლი შოთაძის თქმით, კონკურსში მონაწილეობის გადაწყვეტილება დიდი ფიქრის შემდეგ მიიღო.

"ამ კონკურსში მონაწილეობაზე გადაწყვეტილება ბევრი ფიქრის შემდეგ მივიღე, ვიაზრებ პასუხისმგებლობას, რაც გენერალურ პროკურორს აკისრია. ზოგადად, კანონის უზენაესობის, ქვეყნისა და პროკურატურის თანამშრომლების წინაშე. ჩემთვის გადაწყვეტილების მიღება ამ კონკურსში მონაწილეობაზე არ იყო მარტივი. როგორც საზოგადოდ, ცნობილი ფაქტია, რამდენიმე წლის განმავლობაში მეკავა აღნიშნული თანამდებობა, რომელიც ვადაზე ადრე დავტოვე საკუთარი გადაწყვეტილებით ასევე, საზოგადოდ ცნობილი გარემოებების გათვალისწინებით.

თითოეული ჩემი დღე იყო მიმართული პროკურატურის გაძლიერებისკენ, მისი როლის განმტკიცებისკენ, ჩვენს ქვეყანაში კანონის უზენაესობის დამკვიდრების გზაზე. მთავარ პროკურორად მუშაობის განმავლობაში მქონდა ამ მიმართულებებით მთელი რიგი წარმატებები. ზოგადად პროკურორობა არის რთული და შესაბამისად, რთულია გენერალური პროკურორობა. ჩემთვის გასაგებია ის კრიტიკა, რაც არსებობს და შესაძლოა ითქვას, რომ არსებული კრიტიკა ლოგიკურიცაა თუ გავითვალისწინებთ არსებულ გამოწვევებს, მძიმე მემკვიდრეობას და სამართლის სფეროში საზოგადოების ცნობიერების მიხედვით, თუმცა ხშირად გვესმის კრიტიკა, რომელსაც პოლიტიკური საფუძველი აქვს,"- განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

რაც შეეხება გახმაურებულ საქმეებს, რომელიც შოთაძის სახელს უკავშირდება დღევანდელ მოხსენებაზე ირაკლი შოთაძე ამ საქმეებს არ შეხებია და არ უხსენებია, თუმცა მან ისაუბრა პროკურატურის მემკვიდრეობაზე, რომელიც 2012 წლამდე იყო და ახალ მთავრობას დახვდა.

"ჩვენს ქვეყანაში პროკურატურის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის ხარვეზი იყო მნიშვნელოვანი ხარვეზი, განსაკუთრებით 2012 წლამდე. მაშინდელი გენერალური პროკურორი იყო მოტივირებული მაშინდელი მმართველი ჯგუფის პოლიტიკური დღის წესრიგით. ცალსახაა, რომ ეს იყო უმძიმესი მემკვიდრეობა რაც საზოგადოებაშიც დაილექა,"- განაცხადა ირაკლი შოთაძემ სხდომის მიმდინარეობის დროს.

დღის ამბები