ბაღდათში მომხდარ ტრაგედიას "ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი გამოეხმაურა. ნათელაშვილის შეფასებით, ტრაგედია ოჯახში უკიდურესი გაჭირვების გამო მოხდა.
გარდა ამისა, "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი სოციალურად დაუცველთა მიმართ არასწორ პოლიტიკაზე საუბრობს.
"ბაღდადში, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით ამოიბუგა 4 მცირეწლოვანი ბავშვი, ფეხმძიმე დედა, ბებია და ეს ყველაფერი არის ამ რეჟიმის, ხელისუფლების უგულობის, მომხვეჭელობის, არაადამიანურობის შედეგი. ეს საშინელი პრეცედენტი კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, თუ რამდენად საშიშია ჩვენი ხალხის სიცოცხლისა და ფიზიკური არსებობისათვის ივანიშვილის რეჟიმი," - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
ბაღდათში ხანძარს ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულია დედა ოთხ მცირეწლოვან შვილთან ერთად. არსებული ინფორმაციით, ქალი ფეხმძიმედ იყო. კიდევ ერთი გარდაცვლილი ქალი ოჯახის ახლობელია. თითქმის სრულადაა დამწვარი ორსართულიანი ხის სახლი.